თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე დაახლოებით 3 თვეა დარჩენილი, თუმცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუსტი თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობს. შესაბამისად, პარტიებიც სრულფასოვან წინასაარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით ვერ იწყებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თარიღი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდება. არადა, გასულ წელს მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტული დღე 6 თვით ადრე გამოაცხადა და პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის 4-თვიანი პერიოდი მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტი მთავრობის კონტრასიგნაციით არჩევნების თარიღს ნიშნავს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღის ვადაში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დაიწყო და როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, ამ დრომდე გრძელდება. მაგრამ ბოლოს როდის გაიმართა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა, არ იცის.
"როდის გამოაცხადებს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს, არ ვიცი. მთავრობიდან ვისაც ეს საკითხი ეხება, იმასთან მიმდინარეობს კონსულტაცია. როდის შედგა ბოლოს ასეთი შეხვედრა, არ ვიცი. შეხვედრების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ვფლობ. გიორგი მარგველაშვილი თაღირს კანონით დადგენილ ვადაში გამოაცხადებს", - უთხრა "მთელ კვირას" პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილის თქმით, "ოცნება" მერების და გამგებლების არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის შუა რიცხვებში აპირებს.
"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს. ოპოზიცია ნორმალურ საარჩევნო კამპანიას ვერ მოასწრებს. მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციით არის კანონიერების და სამართლიანობის გარანტი და ნიშნავს არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დანიშნოს. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თავად "ქართულ ოცნებაში" კი არჩევნების ოპტიმალურ თარიღად ოქტომბრის დასაწყისი მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ ამ დროის განმავლობაში თავისუფლად მოესწრება წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
"ოქტომბრის პირველი ნახევარი იქნება ყველაზე ოპტიმალური, რომ ჩატარდეს არჩევნები. სავსებით საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ პარტიამ ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია", - გვითხრა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს რესპუბლიკელი დეპუტატის - დავით ზურაბიშვილის აზრით კი, ხელისუფლებისთვის ოქტომბრის დასაწყისი ხელსაყრელია იმიტომ, რომ ისინი ადმინისტრაციული რესურსის იმედზე არიან. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
"ვიცით, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ყველა უნდა მოემზადოს. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულია, ივლისი და აგვისტო პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური პერიოდია, ხალხი დასასვენებლად მიდის, უმჯობესია, არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დაინიშნოს, რათა სექტემბერ-ოქტომბერში პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სრულფასოვნად მოასწრონ.
"ხელისუფლებისთვის შეიძლება უფრო ადრე იყო ხელსაყრელი, იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსის იმედზე არიან. მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია სრულფასოვნად რომ ჩატარდეს, ამისთვის 2 თვე მაინც საჭიროა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამ დრომდე რომ არ ასახელებს არჩევნების თარიღს, არ უკვირთ პოლიტოლოგებს. გია ხუხაშვილი არჩევნების დანიშვნის გაჭიანურებას საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირებს, თუმცა ამაში რაიმე დარღვევას ვერ ხედავს.
"პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნას არ აგვიანებს. როგორც ცნობილია, თარიღის დანიშვნას მთავრობის კონტრასიგნაცია სჭირდება და ეტყობა, იმიტომაც არ გამოცხადებულა ამ დრომდე არჩევნების ჩატარების ზუსტი დრო.
"ვადა დაცულია. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ეტყობა, საკონსტიტუციო პერიპეტიების გამო ვერ მოიცალეს არჩევნებისთვის და ალბათ უახლოეს ხანში დაინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ამაში ფორსმაჟორულს და ექსტრემალურს ვერაფერს ვხედავ.
"ყველამ იცის, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. შეუძლიათ, მოემზადონ ამისთვის. ასე რომ, დაგვიანებული არ არის", - გვითხრა ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დროს ბოლომდე გამოიყენებს და არჩევნების თარიღს კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოაცხადებს. მისი თქმით, გასულ წელს ადრე დათარიღებულმა არჩევნებმა ბევრი პრობლემა შექმნა და მარგველაშვილი იმავე შეცდომას აღარ გაიმეორებს.
"არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 60 დღისა. ჯერჯერობით ვადა აქვს და ეტყობა, ამიტომაც არ ჩქარობს. ალბათ შეეცდება, ეს ვადა ბოლომდე გამოიყენოს. ასე რომ, კანონს არ არღვევს.
"შარშან არჩევნების თარიღის ადრე გამოცხადებამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები. ერთი მხრივ, მართალია, თარიღის ადრე გამოცხადებამ პარტიებს საშუალება მისცა, მომზადებულიყვნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიქმნა საეთერო დროის პრობლემა, ცესკოში წევრების დანიშვნის და სხვა სახის პრობლემები. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი ერიდება ისევ ადრე გამოცხადებას და იმავე პრობლემების წარმოქმნას.
"ასაჩქარებელი არაფერია. შეუძლია თქვას, რომ არჩევნების დანიშვნას აპირებს ოქტომბრის ბოლოს ან დასაწყისში, კონკრეტული თარიღის დანიშვნა კი არ იჩქაროს.
"დანიშვნის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია იწყება, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს. ვფიქრობ, ზაფხული არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის, პარტიებს საეთერო დრო მიეცემათ და ამას თავისუფლად გამოიყენებენ", - განაცხადა ძაბირაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას.