ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე 2 მოსმენით ერთპარტიულად დაამტკიცა "ქართულმა ოცნებამ", უკვე არაფერი შეიცვლება და აზრიც ეკარგება, ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებს მას თუ არასამთავრობოებთან ერთად ვენეციის კომისიას, ევროსაბჭოსა თუ საელჩოებს გაუგზავნის საჩივრებს ხელისუფლების ქმედებების მიუღებლობაზე.
წინა კვირას "ქართულმა ოცნებამ" რეკორდულად სწრაფად, 2 მოსმენით, კონსტიტუციის ახალი პროექტი უკვე მიიღო და მესამე და საბოლოო მოსმენა მოხდება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც 5 სექტემბერს გაიხსნება. მაგრამ მესამე მოსმენისას კანონპროექტში არსებითი, ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა გამორიცხულია და რაც უნდა გააპროტესტონ ახალი კონსტიტუცია ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა, ის უკვე იმ შინაარსით დამტკიცდება შემოდგომაზე, როგორიც დღესაა.
პოლიტოლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს, მიტინგებით კონსტიტუციას არავინ შეცვლის, თუმცა კონსტიტუციის თემა ოპოზიციის კოზირი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების თვალთმაქცობაზე, არადემოკრატიულობაზე ისაუბროს და ამით მმართველი ძალის მიმართ ნიჰილიზმი გააჩინოს.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჩვენ დღეს უკვე გვაქვს კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც ძალაში შემოდგომაზე შევა. მესამე მოსმენისას მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები იქნება, სხვა ცვლილება შეუძლებელია. არც ის დათქმები შეიცვლება, რაც "ოცნებამ" კონსტიტუციაში ჩადო და რაც ოპოზიციისა და არასამთავრობოების ყველაზე დიდი აღშფოთების საგანიცაა, რადგან ერთ-ერთი დათქმა ეხება იმას, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, 2020 წლის არჩევნებზე კი კვლავ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა.
"მესამე მოსმენამ უნდა დაადასტუროს წინა ორი მოსმენის შედეგები, სხვა არაფერი. ოპოზიცია გაპროტესტებით ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს. ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ვენეციის კომისია გამოვა განცხადებით, რომ ის არ ეთანხმება მიღებულ ცვლილებებს, ხოლო ხელისუფლება ამ ხელახალ რეკომენდაციებს გაუწევს ანგარიშს და მოისურვებს რეალურ ცვლილებებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება რამე შეიცვალოს. ოღონდ ამ შემთხვევაში მესამე მოსმენა კი არ იქნება, არამედ ისევ თავიდან, პირველი და მეორე მოსმენით დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.
"თუმცა ვენეციის კომისია მხოლოდ რეკომენდაციების მიმცემი ორგანოა, მას რაიმეს აკრძალვა, იძულება არ შეუძლია, ხელისუფლება კი ან გაითვალისწინებს მის აზრს, ან - არა," - აღნიშნავს ძაბირაძე.
მისი თქმით, ოპოზიცია აქციებით კონსტიტუციას ვერ შეცვლის, მაგრამ "ოცნების" მიერ ერთპიროვნულად მიღებულ კონსტიტუციას და მიუღებელ ცვლილებებს წინასაარჩევნო პროცესში გამოიყენებს.
"ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში გამოიყენებს კონსტიტუციის თემას იმისთვის, რომ მოსახლეობა ხელისუფლების არადემოკრატიულობაში დაარწმუნოს. ეს კოზირი ოპოზიციას ექნება, მაგრამ რამდენად გაამართლებს და რამდენად მისცემს ამომრჩეველი ამის მიხედვით ხმას ოპოზიციას, ეს სხვა საკითხია.
"მე ძალიან მეეჭვება, რომ ამ ფაქტორის გამო ამომრჩევლის განწყობა რადიკალურად შეიცვალოს. მგონია, რომ ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე არ მივა და ეს პრობლება იქნება.
"კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობისთვის არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ არც იმდენად, რომ ამ ფაქტორმა ოპოზიციას დიდი შედეგი, დივიდენდი მოუტანოს. თან, ჯერჯერობით არ ვიცით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების წინ როგორ ჩამოყალიბდება. არ ველოდები, რომ ოპოზიციამ შეძლოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა. "ქართული ოცნების" რეიტინგი, რა თქმა უნდა, დაეცა, მაგრამ ამ საზოგადოებაში იმედგაცრუება უფროა, ვიდრე პროტესტი. ამიტომ კონსტიტუციის თემაზე აქციების აგორებას ნამდვილად არ ველოდები. ხალხი არჩევნებზე არ მივა იმიტომ, რომ ნიჰილიზმია, საპროტესტოდ კი არ გამოვა," - მიიჩნევს ძაბირაძე.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, რაც უნდა აქციები დაიწყოს ოპოზიციამ.
"ერთადერთი ოპოზიციისთვის ხელშემწყობია ის, რომ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა "ქართული ოცნება" და წინასაარჩევნო პროცესში ჩართვას არ აპირებს, რაც "ოცნების" რეიტიგს ძალიან დასწევს. ამიტომაც ოპოზიციას კონსტიტუციის გამოსასწორებლად - ვერ, მაგრამ ამ არჩევნებზე რაღაც დივიდენდების მისაღებად შეუძლია გამოიყენოს პროტესტი. ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაერთიანდება. დიდი როლი ოპოზიციის გაერთიანებას და გააქტიურებას ენიჭება," - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციასაც არა საკუთარი თავის და აქციების, არამედ ვენეციის კომისიის, დასავლეთის იმედი აქვს და ამიტომაც გაუგზავნა მიმართვა ახალი კონსტიტუციის მიუღებლობაზე.
ამბობს, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვენეციის კომისიამ და აშშ-ის ელჩმა პირდაპირ უთხრეს ხელისუფლებას, რომ მთავარია კონსენსუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც კონსტიტუციის პროექტს ქვეყნის შიგნით ეწინააღმდეგება ყველა - ოპოზიციაც, პრეზიდენტიც და არასამთავრობოებიც, ე.ი. ის მმართველმა პარტიამ არ უნდა მიიღოს.
ამიტომ მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი როგორ იაქტიურებენ დასავლელ პარტნიორებთან, როგორ დაარწმუნებენ ვენეციის კომისიას, ევროსაბჭოსა და საელჩოებს, რომ დახურულ კარს მიღმა დაელაპარაკონ ხელისუფლებას, კონსტიტუცია ხელახლა განიხილონ, თუმცა დიდი იმედი, რომ ხელახლა განიხილავენ, თავადაც არ აქვს.
"ევროპა ხმამაღლა ვერ ეტყვის ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციის ასე მიღება არ შეიძლება, მაგრამ ამას კონფიდენციალურად, დიპლომატიურად მიანიშნებს. ეს ელჩები რისთვის არიან?! აშშ-ის, ევროკავშირის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებისთვის პრობლემა სულაც არ არის, კვირიკაშვილი დაიბარონ და რჩევა მისცენ, რაზეც პრემიერი უარს ვერ იტყვის.
"მმართველმა პარტიამ დღეს კონსტიტუცია ისე მიიღო, რომ მის გარდა პარლამენტში არავინ არ დარჩა, ყველამ ბოიკოტი გამოუცხადა. კონსტიტუციის პოლიტიკური ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ქვეშ დგება. ასევე სასწორზე დევს ევროპის რეპუტაციაც ქართველი ამომრჩევლების თვალში. ოპოზიციასაც ვენეციის კომისიის იმედი აქვს, მაგრამ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნებით არც ერთ ქვეყანაში დემოკრატია არ დაუმყარებია. ის არ არის ჯადოქარი დირიჟორი," - დასძენს ცინცაძე.