(რეზონანსი) დეკანოზ მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველაფერი ის რაც ხდება, აჩვენებს, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს.
„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად შესაძლებელი იყო ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ჰქონოდა შესყიდული და ჩანთაში აღმოჩენოდა. ის, რაც ხდება, აჩვენებს, რომ ჩადებულია ციანიდი და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ დაცვის სამსახურს ნებისმიერი ჩემოდნის გახსნა შეუძლია ეჭვის საფუძველზე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ მამალაძის საქმეზე პროკურატურის მოწმეები დაიკითხნენ. პროცესის შესვენების დროს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზედორის" თავსახურში ჰქონდა შენახული, რასაც აეროპორტის თანამშრომლები და დეკანოზის პირველი ადვოკატი რევაზ ფუტკარაძეც დაადასტურებს.
პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძის ბარგი დაილუქა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით, უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგი შემოწმდა.