"ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული საპროტესტო აქციის დაწყება ნაადრევია. ამის საფუძველი არ არსებობს - ჯერჯერობით მიდის "ქართულ ოცნებასთან" ამომრჩევლის გამიჯვნის პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი, ვინც "ოცნებას" გაემიჯნა, პროტესტისთვის არის განწყობილი. ჩემი ვარაუდით, საპროტესტო დიდი ტალღა შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე აგორდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებულ თბილისის მერობის კანდიდატსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე "რეზონანსი" ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: შანსი, რა თქმა უნდა, არ აქვს, უბრალოდ, აქ სხვა რამ იკვეთება - "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყოდა, თუმცა საკმაოდ არალოგიკურია მათი არჩევნებში მონაწილეობა.
2016 წლის არჩევნების დროს მონაწილეობაზე ლაპარაკი არ იყო, თუმცა საუბარი იყო გაყალბებაზე და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელოდბენ. თუ მაშინ გააყალბეს, ახლა რა აზრი აქვს მონაწილეობას, მთავრობა შეიცვალა თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია?!
მაგრამ ახლა თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, პარტიის დელეგატები გადაბარგდებიან "ევროპულ საქართველოში", ამიტომ იძულებულნი არიან, ეს ნაბიჯი გადადგან.
წინასწარ იციან, რომ დამარცხდებიან, მაგრამ აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, "ოცნებას" მოუგებენ თუ არა, საუბარია, თბილისში მოუგებენ თუ არა "ევროპული საქართველოს" კანდიდატს.
თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მელია თუ დამარცხდება ხოშტარიასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რღვევა იწყება კატასტროფულად. არჩევნების ბოიკოტირებაც არ ივარგებს, ამიტომ შუალედური ვარიანტი მოძებნეს - პიარით გაჯერებული, რომ უდუმაშვილი თბილისელია და არ არის პარტიული.
ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პიარი, მეტი არაფერი. მელია კი იყრის კენჭს საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, თავმჯდომარეობაზე საუბარი არ არის.
ის, რომ ბარიერს გადალახავენ და მოხვდებიან საკრებულოში, რა თქმა უნდა, გარანტირებული აქვთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მელია იქნება სიის პირველი ნომერი, მაჟორიტარად არც ერთ რაიონში არ იყრის კენჭს. რადგან, თუ დამარცხდა, მისთვის ეს იქნება კატასტროფა.
"რეზონანსი": და მაინც, რა შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", შეძლებს "ევროპული საქართველოს" კანდიდატის დამარცხებას?
ვ.ძ: "ქართული ოცნების" კანდიდატთან, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა კალაძე, თუ ნებისმიერი სხვა, ყველა დამარცხდება. შესაძლოა, იყოს მეორე ტური, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია ბევრ ხმას აიღებს, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნაკლებობა იქნება. შესაბამისად, გაჩნდება პრობლემა.
"რ": მეორე ადგილზე ვინ გავა - "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ევროპული საქართველო"?
ვ.ძ: არ ვიცი. უფრო მგონია, რომ "ვეროპელები", იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიულ სტრუქტურასა და აქტივს. თბილისი იყო უგულავას "სამეფო". ამიტომ მთელი გუნდი, რომელიც თბილისს წარმართავდა, გადავიდა "ევროპულ საქართველოში".
მელიას წარმატება წინა არჩევნებზე სწორედ ამ გუნდმა უზრუნველყო. ახლა კი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ იმუშავებს.
"ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო, კანდიდატი თავიანთი რიგებიდან დაესახელებინა, მაგრამ ამას გაუფრთხილდნენ. ასე რომ, უდუმაშვილი პოლიტიკურად სწორად არის დასმული. მოერიდნენ საკუთარი ლიდერის ცეცხლქვეშ დაყენებას და მოიძებნა ნეიტრალური ფიგურა.
"რ": ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც. თქვენი აზრით, უდუმაშვილს აქვს ის წონა, რომ მის კანდიდატურას სხვა პარტიებმაც დაუჭიროს მხარი?
ვ.ძ: არ ვიცი, ვინ შეუერთდება და ვინ არა. არიან ალბათ პარტიები, რომლებსაც უბრალოდ კანდიდატი არ ეყოლებათ და შესაძლოა, ეს გამოიყნენონ და რაღაც მოგებას ნახავენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უდუმაშვილი არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, უბრალოდ ისინი ფუთავენ, რადგან იციან, რომ მაინც წააგებენ.
"რ": არავინ საუბრობს უსუფაშვილის მიერ შექმნილ ახალ პარტიაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატს. რამდენადაა მოსალოდნელი, მის მიერ წარმოდგენილმა კანდიდატმა რაღაც გარღვევა მოახდინოს?
ვ.ძ: ჩემი შეფასებით, გამორიცხულია. არ ვიცი, რას ფიქრობს უსუფაშვილი და მისი გუნდი, მაგრამ თუ მკითხავ, არ ვურჩევდი ამ ბრძოლაში ჩართვას. უსუფაშვილს ჯერ პარტია არ აქვს, ამის გარეშე კი არჩევნებს ვერ მოიგებს, შანსი არ აქვს. ახალი პარტიისთვის მარცხით დაწყება არ არის გამართლებული.
"რ": საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, ოპოზიციამ ქუჩის აქციები დაიწყოს, თუმცა, როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მეტად არ შეიცვლება. თქვენი აზრით, შეძლებს ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას?
ვ.ძ: ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული საპროტესტო აქციის დაწყება ნაადრევია. ამის საფუძველი არ არსებობს. თეორიულად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა განწყობაზე მაქვს საუბარი. კონსტიტუციის გამო რომ გამოვიდნენ და აქციები დაიწყონ, არა მგონია.
ოპოზიცია სწორად ვერ აფასებს შექმნილ სიტუაციას, თუ ფიქრობენ, რომ ამით შეუძლიათ სერიოზული საპროტესტო ტალღა ააგორონ. ჯერჯერობით მიდის "ქართულ ოცნებასთან" ამომრჩევლის გამიჯვნის პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი, ვინც "ოცნებას" გაემიჯნა, პროტესტისთვის არის განწყობილი.
გასაგებია, დროთა განმავლობაში ასე იქნება, მაგრამ დღეს და ხვალ - არა. ჩემი ვარაუდით, საპროტესტო ტალღა შესაძლოა, აგორდეს მომავალ გაზაფხულზე.