თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუმცა, ამ ეტაპზე, "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროგნოზირებს. ამბობს, რომ მთავარი ორთაბრძოლა "ქართულ ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. შარშანდელისგან განსხავებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დასახელებას არ ჩქარობს.
შესაბამისად, პარტიებსაც წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ და არც კანდიდატურები დაუსახელებიათ. ერთადერთი რეგიონი თბილისია, სადაც მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია მერობის კანდიდატები.
ანალიტიკოსები უმეტეს რეგიონში მეორე ტურს პროგნოზირებენ, თუმცა, საბოლოოდ, ოქტომბერში რა შედეგი დადგება, დაახლოებით 3 თვეში გამოჩნდება.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ბევრ რეგიონში იქნება მეორე ტური, თუმცა, მისი აზრით, საბოლოოდ ყველა ქალაქსა და სოფელს კვლავაც "ოცნების" კანდიდატები მოიგებენ.
"ზოგადი სურათიდან გამომდინარე, მეეჭვება, რომელიმე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მიიღოს ოპოზიციამ. შესაბამისად, არა მგონია, რომელიმე რეგიონში გამგებელი ან მერი გვყავდეს ოპოზიციონერი. ამას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს, იმიტომ, რომ ეს მათთვის იქნება კატასტროფა.
"საბოლოო ჯამში გაუჭირდება მოგება, მეორე ტურებიც იქნება, თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში, ყველა მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს და ახლაც ასე იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი "ოცნების" მარცხს რამდენიმე რეგიონში პროგნოზირებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს დამოკიდებულია ოპოზიციურ პარტიასა და ამომრჩეველთა რაოდენობაზე. მისივე თქმით, ყველა ქალაქსა თუ სოფელში მთავარი ორთაბრძოლა "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის გაიმართება.
"ჩემი აზრით, "ოცნებას" მოგება გაუჭირდება ქვემო ქართლში, მაგალითად - მარნეულში. ასევე მძაფრი ბრძოლა მოსალოდნელია სამეგრელოში, ასევე - სამცხე-ჯავახეთში, ახალციხესა და აჭარაში. ამ რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალია.
"საერთოდ კი, მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონში გაუჭირდება მოგება. როგორც ცნობილია, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა ძალიან ბევრ რეგიონში გახდა საჭირო", - გვითხრა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უკეთესი სახელისუფლებო კანდიდატისთვის.
"ბევრი რამე დამოკიდებულია ხალხის მობილიზებაზე. რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა, მით უკეთესი "ოცნებისთვის". ანუ "ოცნება" მოახერხებს 300 ათასამდე ადამიანის მობილიზებას, მუნიციპალიტეტში დასაქმებული ხალხითა და მათი ნათესავებით. ხოლო, თუ მეტმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ბევრი დააფიქსირებს თავის უკმაყოფილებას, მით უარესი "ოცნებისთვის".
ძირითადად მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატებს შორის. ახლა "ნაციონალებზეა" დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ამომრჩეველთა მობიზილებას. კიდევ მათ მოუწევთ "ოცნების" სუსტ წერტილზე მუშაობა", - გვითხრა ჩიტაძემ.