"ნაციონალებთან" პაატა ბურჭულაძისა და ბაჩუკი ქარდავას პარტიები ერთიანდებიან
ეკატერინე ბასილაია
27.06.2017

 ოპოზიციურ ფლანგზე თბილისის მერობისთვის ბრძოლაში 2 კანდიდატი ოფიციალურად უკვე გაცხადებულია და გუშინ "ნაციონალების" მიერ ზაალ უდუმაშვილის დასახელების შემდეგ ასევე გაცხადდა ისიც, რომ უდუმაშვილი მარტო "ნაციონალების" კანდიდატი არ იქნება, მას, დიდი ალბათობით, მხარს სხვა პარტიებიც დაუჭერენ.

"რეზონანსის" ინფორმაციით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" წინასწარი თამხმობაც თითქმის უკვე მიღებული აქვს 2 პარტიისგან - პაატა ბურჭულაძის პარტიისგან "სახელმწიფო ხალხისთვის" და ბაჩუკი ქარდავას "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისგან" (ედპ).

უფრო მეტიც, შესაძლოა, თბილისის საკრებულოში მოსახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" სიაში პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე და კიდევ 2 წევრი ჩასვან.

თუკი ეს ერთობა შედგება, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას 2 ახალი საარჩევნო ალიანსი უკვე ეყოლება. ერთი "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების", რომლებიც ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დაყოლიებასა და მის მხარდაჭერას გეგმავენ და მეორე - "ნაციონალების", ედპ-ისა და "სახელმწიფო ხალხისთვის", რომლებიც ზაალ უდუმაშვილს დაუჭერენ მხარს.

ორივე პარტიის თავმჯდომარეები კონსულტაციებს "რეზონანსთან" საუბარში ადასტურებენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას - ჯერ არა.

შესაძლოა ისიც, რომ უდუმაშვილის გვერდით მდგომ პარტიათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს და მას სხვა რამდენიმე წვრილი პარტიაც შეუერთდეს, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩუკი ქარდავას პარტიების მხარდაჭერაზეა.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხება სურს, ცალ-ცალკე ბრძოლას აზრი არ აქვს, ერთი კანდიდატის გარეშემო უნდა გაერთიანდნენ, თუმცა ასევე ამბობენ იმას, რომ ამ ერთიანობის დიდ ძალაზე ყველა საუბრობს, მაგრამ საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერასოდეს ვერ ხდება და ამჯერადაც ასეა.

თბილისის მერობაზე 2 ოპოზიციური კანდიდატი უკვე დასახელებულია, ერთი "ევროპულმა საქართველომ" მაისში დაასახელა - ელენე ხოშტარია და მეორეც გუშინ "ნაციონალებმა" - ზაალ უდუმაშვილი. პლუს, ასევე იგეგმება ალეკო ელისაშვილის ირგვლივ ორი პარტიის გაერთიანებაც.

ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ისევ გაიყოფა ოპოზიციის ხმები. ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ "ნაციონალებთან" ერთად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა საერთოდ მიუღებელია და ამიტომ არ გამოდის ერთიანი კანდიდატი.

ცნობისათვის, გუშინ ზაალ უდუმაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენისას პარტიის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის მობილიზებისთვის პროდასავლურ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"ახალი მემარჯვენეების" წევრ მანანა ნაჭყებიას განცხადებით, გამორიცხულია, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დადგნენ, სხვა ყველა კანდიდატის მხარდაჭერაზე კი შეიძლება იფიქრონ, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიციის ხმები არ უნდა გაიფანტოს.

"ოპოზიციამ თუ არ მოახდინა კანდიდატების შეჯერება და ყველა ხმა ცალ-ცალკე კანდიდატზე დანაწევრდა, წარმატებას მიაღწევს კალაძე და ოპოზიციას შანსი არ რჩება, მაგრამ "ახალი მემარჯვენეები" "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაუჭერენ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ზაალ უდუმაშვილის მიმართ", - ამბობს ნაჭყებია.

მისი თქმით, მათთვის მისაღებია ალეკო ელისაშვილიც და ელენე ხოშტარიაც და მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამათგან რომელი კანდიდატის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდნენ.

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძეც გამორიცხავს, "ნაციონალების" კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ასე კატეგორიული არ არის ელენე ხოშტარიას მიმართ, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხოშტარიას მხარდაჭერის საკითხი არ დგას და მათი პარტია და "რესპუბლიკელები" ალეკო ელისაშვილი მხარდაჭერაზე მსჯელობენ, თუკი, რა თქმა უნდა, ელისაშვილი კანდიდატად დაასახელებს თავს.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ოპოზიციასთან კოორდინაციას არ გამორიცხავს. არ გამორიცხავს ასევე, ან უდუმაშვილს, ან ელისაშვილს დაუჭირონ მხარი, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და საკუთარი კანდიდატის წამოყენებაზეც ფიქრობენ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მის პარტიას საკუთარი მერობის კანდიდატი ეყოლება. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს კი, დიდი ალბათობით, მხარს ორი პარტია დაუჭერს: "სახელმწიფო ხალხისთვის" და ეროვნულ დემოკრატიული პარტია.

პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ კონსულტაციები არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"მიმაჩნია, რომ კონსოლიდირებული ძალისხმევა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქართული დემოკრატიის დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ამასთან დაკავშირებით, დიახ, ვადასტურებ კონსულტაციებს და არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ეს კონსულტაციები ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა... ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა საუბრობს თითქმის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან", - ამბობს მაჭუტაძე.

მისი თქმით, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, ის და პარტიის კიდევ 2 წევრი - გიგა ლემონჯავა და ქეთი ნიჟარაძე თბილისის საკრებულოში "ნაციონალების" საარჩევნო სიაში მოხვდნენ.

"ამაზე საუბარი მეც მსმენია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის სტრატეგია არის ისეთი, რომელიც სახალხო პოლიტიკურ კონსოლიდაციას ითვალისწინებს, ვინაიდან ივანიშვილის რეჟიმს ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთობისა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" მესვეურებს ეს სურვილი არ აუხდეთ", - აღნიშნავს მაჭუტაძე.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" (ედპ) თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა სოლიდურ და სერიოზულ კანდიდატად მიაჩნია, რომელსაც შესწევს ძალა, თბილისის ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს და ხელისუფლება დაამარცხოს.

"ამდენად, ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია და სიმპათია უდუმაშვილის მიმართ. თუმცა ჯერ ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს.

"ოფიციალური შეხვედრები უნდა გაიმართოს, უნდა გაირკვეს, როგორი პროგრამული ხედვები აქვს მერობის კანდიდატს და როდესაც საუბარია პოლიტიკურ კოალიციაზე, დიდი პასუხისმგებლობის აღებაზეცაა საუბარი და ამ პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქროთ. ამიტომ აწონ-დაწონვა სჭირდება, თუმცა წინაპირობები არსებობს, რომ ასეთი ერთობა შედგეს ზოგადად პროდასავლურ ძალებს შორის", - ამბობს ქარდავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×