"კონსტიტუცია ადარდებთ მხოლოდ პოლიტიკოსებს, ხოლო ოპოზიციას დღეს იმხელა ნდობა აღარ აქვს, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში და ამით აიძულოს მთავრობა, რაღაც შეცვალოს. ის, რომ "ქართული ოცნება" უკვე მიდის საერთაშორისო იზოლაციისაკენ, თვითონაც იციან და ამას შეგუებული არიან.
"მმართველმა გუნდმა წითელ ხაზს უკვე გადააბიჯა, დანაღმულ ველზე შევიდნენ, ევროპელები კი თავაზიანად იქცევიან, მაგრამ ამის უკან რა იმალება, ეს "ოცნებამ" მშვენივრად იცის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.
სოსო ცინცაძე: კიდევ 2-3 კვირა მჭირდება იმისთვის, რომ დავრწმუნდე, ივანიშვილი აღარ ჩაერევა ამ არჩევნებში. მარტო აქტიურობას არ ვგულისხმობ, არაოფიციალურადაც აღარ ჩაერევა.
"რეზონანსი": და თქვენ ხედავთ ამ ალბათობას, რომ მართლაც ასე იქნება?
ს.ც: ჩემი აზრით, "ოცნების" ლიდერების განცხადებები ცარიელ ადგილზე არ წამოსულა. ეს არც მათი ინიციატივაა. ეტყობა, ივანიშვილისგან მიიღეს ასეთი მითითება, რომ საჯაროდ განაცხადონ - ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის აქტიურობის დრო უკვე წავიდა.
"ოცნებამ" დროა, თვითონ ისწავლოს სიარული. თუ აქამდე ჭოჭინა იყო მაგათთვის ივანიშვილი, ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. ერთი სიტყვით, ადრე თუ გვიან, მოსალოდნელი იყო, ივანიშვილს მობეზრდებოდა ამათი თრევა.
ივანიშვილმა ყველაფერი გაუკეთა, ჩააბარა ხელისუფლება, მაგრამ მათ ცარიელ ადგილზე დაიწყეს ფორთხიალი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში.
ივანიშვილს სულაც არ აწყობს, არაოფიციალურ შეხვედრებზე პასუხი აგოს, მაგალითად, ჯეჯელავას სულელურ განცხადებებსა და კვირიკაშვილის გაუმართლებელ საკადრო პოლიტიკაზე. მით უმეტეს, ქვეყანაში კატასტროფული სოციალური ფონია.
"რ": დამოუკიდებლად "ოცნება" არჩევნებზე რა წარმატებას მიაღწევს?
ს.ც: ამიტომაც არის ახლა "ოცნების" ერთდაერთი იმედი კანონმდებლობა, ცესკო და კონსტიტუცია. ერთი სიტყვით, ისეთი გარემოა, რომ დამოუკიდებლად როგორღაც შეძლონ გამარჯვება, ამისთვისაც ფორას იქმნიან საკანონმდებლო დონეზე.
ეს იგივეა, მაგალითად, ჭადრაკის თამაშის დროს დედოფალი წინასწარ რომ მოგცეთ. ასეთ სიტუციას იმიტომ ქმნიან, რომ ივანიშვილის ფაქტორი აღარ არის და იმედი აღარ აქვთ.
"რ": "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს რა შანსი აქვს?
ს.ც: მე მგონი, ადგილობრივი არჩევნები იქნება "ოცნების" უკანსკნელი აკორდი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეფექტურად კი მოახდინა თავისი კანდიდატის პრეზენტაცია, მაგრამ ზაალ უდუმაშვილმა მთელი 10 წუთი ილაპარაკა, რას გააკეთებენ, მაგრამ თბილისელების მთავარ პორობლემაზე, "სითი პარკზე" ხმა არავის არ ამოუღია. წმინდა ძროხად აქციეს.
ახლა ველოდები, "ოცნების" კანდიდატი რას იტყვი, ლაპარაკია კალაძეზე. კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში იქნება "სითი პარკი" ნახსენები?! და არათუ ხელის ხლება, ხსენებაც კი არ შეიძლება.
"რ": თქვენი აზრით, საზოგადოება არჩევანს დაპირებების მიხედვით აკეთებს?
ს.ც: წინასაარჩევნო დაპირებებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან გასცემენ უხვად და შემდეგ იქიდან მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ეს დაპირება რეალობად ვერ იქცა. ხალხს სხვა რა გზა აქვს. არჩევანი არ აქვს. დაუჯერებს და თუ არ დაუჯერებს, ორივე უარესი ვარიანტია. სახლში დარჩეს და არ მივიდეს არჩევნებზე?! "ოცნებასაც" ეს უნდა.
ნებისმიერი მმართველი პარტიის ლამაზი სიზმარია, რომ არჩევნებზე იმედგაცრუებული ხალხი არ მივიდეს და თავიანთი მომხრეებით როგორც უნდა, ისე ჩაატაროს არჩევნები და ისე დაითვალოს ხმები.
"რ": მეორე ტურის ალბათობა თუ არის და თქვენი აზრით, რომელ რეგიონში შეიძლება, დამარცხდეს "ოცნება"?
ს.ც: ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვინაიდან კონფიგურაცია არ არსებობს. ელემენტარულად, "ოცნებას" ოფიციალურად მერობის კანდიდატიც არ დაუსახელებია.
გარდა ამისა, "ოცნება" არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სათადარიგო სკამი უკვე აღარ გააჩნია. 2016 წლის არჩევნებში ისეთი ხალხი შეიყვანა სიებში, რომლებსაც თავიანთი ოჯახის წევრების გარდა არავინ იცნობდა. აღარ ჰყავს ხალხი, საკადრო შიმშილია. თუმცა საკადრო შიმშილი აქვს ოპოზიციასაც.
"რ": საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, ოპოზიციამ ქუჩის აქციები დაიწყოს, თუმცა, როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მეტად არ შეიცვლება. თქვენი აზრით, შეძლებს ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას?
ს.ც: პროტესტებით ევროპას ვერ გავაკვირვებთ. ისე, რევოლუცია ევროპისთვისაც და ჩვენთვისაც მიუღებელია. სახელმწიფო კიდევ 20-30 წლით უკან გადადგამს ნაბიჯს. მაგრამ არა მგონია, ოპოზიციამ შეძლოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა. მშიერ ქვეყანაში კონსტიტუციაზე ფიქრობენ მხოლოდ პოლიტიკოსები. დიასახლისი და მევანეხე ქვეყნის უმაღლეს კანონზე არ ფიქრობს.
კონსტიტუცია ადარდებთ მხოლოდ პოლიტიკოსებს, ხოლო ოპოზიციას დღეს იმხელა ნდობა აღარ აქვს, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში და ამით აიძულოს მთავრობა, რაღაც შეცვალოს.
ის, რომ "ქართული ოცნება" უკვე მიდის საერთაშორისო იზოლაციისაკენ, თვითონაც იციან და ამას შეგუებული არიან. მმართველმა გუნდა წითელ ხაზს უკვე გადააბიჯა, დანაღმულ ველზე შევიდნენ, ევროპელები კი თავაზიანად იქცევიან, მაგრამ ამის უკან რა იმალებ,ა ეს მმართველმა პარტიამ მშვენივრად იცის.