საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დათბობა იწყება. გარკვეული ტაიმაუტის შემდეგ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგება. ურთიერთობის დათბობას პოლიტილოგები უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის შემცირებას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩვენს ქვეყანას ივლისის მეორე ნახევარში ეწვევა.
"უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.
ცნობისთვის, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 7 ნოემბერს დატოვა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა პოლიტოლოგებმა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს დაუკავშირეს, შესაბამისად, ახლა ამ ურთიერთობის აღდგენა არ გაჰკვირვებიათ.
"ეს შეხვედრა უკვე დიდი ხანია, მომწიფდა. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დაგვიანებულიც არის, ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ცნობილია, სააკაშვილის ფაქტორი იყო.
"ახლა, როდესაც იგი ასე პირდაპირ დაუპირისპირდა პრეზიდენტს, შეიქმნა ისეთი გარემო, რომ ტრადიციული მეგობრობა და კეთილგანწყობა საქართველოსა და უკრაინას შორის ისევ აღდგეს. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს არც ერთ რესპუბლიკასთან არ ჰქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც უკრაინასთან.
"ძველი ურთიერთობის აღდგენის პირობები არის, მაგრამ არ ვიცით, ეს შეხვედრა კონკრეტულად რა მიზანს მოემსახურება. იქნება ხელშეკრულებები თუ უბრალოდ საუბარი. ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიათ ისეთ შეხვედრებს, რომლებიც არის მხოლოდ შეხვედრისთვის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, პოროშენკოს ვიზიტი მიგვანიშნებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყო.
"ვნახოთ, რა იქნება, გაფორმდება რამე ხელშეკრულება თუ დიპლომატიურ მხარდაჭერაზე იქნება მხოლოდ საუბარი?! და ამით ამოიწურება ყველაფერი. თვითონ ვიზიტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ დათბობა დაიწყო. შემდეგ, ალბათ, საპასუხო ვიზიტი იქნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მაგალითად, როგორი იქნება მთავრობის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც აფეთქებები მოხდა, საუბარია, რომ რუსეთი პოროშენკოს ოფისის აფეთქებას აპირებს და ვნახოთ, როგორ იქნება საქართველოს პოზიცია.
"მაგრამ ეს უკვე ახლო მომავლის საქმეა, ჯერჯერობით რაც შეიძლება ითქვას, ეს არის ის, რომ უკვე აღდგა ჩვენი ისტორიული ურთიერთობა. მისი მატერიალიზაცია როგორ მოხდება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ", - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს დადებითად აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის - ეკონომიკურ სფეროში და ალბათ ამ თემებზე იქნება ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი.
"პოროშენკოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. უკრაინა გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომაც, რა თქმა უნდა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება, თუნდაც სუამის ფარგლებში, მნიშვნელოვანია.
"უკრაინა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ პერიოდში ეს ურთიერთობა არ იყო ინტენსიური, იმის გამო, რომ მიხელ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაინიშნენ უკრაინის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
"ამის გამო საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა თანამშრომლობის განვითარებაზე. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური ინტერესი დომინირებდა საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესზე.
"აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს კიევის ხელისუფლებაში, უკრაინასა და საქართველოს გააჩნია საერთო საგარეო პოლიტიკური ხედვები, რომლებიც უკავშირდება ევროპაში მათ ინტეგრაციას.
"ასე რომ, ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მგონია, რომ ამ შეხვედრაზე დადგეს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი. არსებობს გარკვეული თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის - ეკონომიკურ სფეროში და ალბათ ამ თემებზე იქნება ორმხრივ შეხვდრაზე საუბარი", - გვითხრა ჩიტაძემ.