(რეზონანსი) ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს. მისი თქმით, თუკი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშრებით გამოძიება შედეგებს არ დადებს, ამ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია შესაქმნელი იქნება.
„ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს", - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ როგორია მისი პირადი პოზიცია, მდინარაძის თქმით, ის კომისიის შექმნის მომხრეა.
„მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ საკითხებზე აზრთა სხდავასხვაობაა და საბოლოოდ იმ აზრზე ვყალიბდებით, რომელიც უკეთესია საკითხის გადაწყვეტისთვის. ამ შემთხვევაშიც შევჯერდებით", - აღნიშნა მდინარაძემ.