სოსო ცისკარიშვილი ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მეორე ტური
თიკო ოსმანოვა
29.06.2017

 "იმდენად დახვეწილია არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები, რომ მიკვირს, რატომ დასჭირდათ "ქართული ოცნების" ლიდერებს, კიდევ ერთხელ შეეწუხებინათ ქართული კანონმდებლობა და გაეზარდათ მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა საარჩევნო კომისიებში.

"ეს მიანიშნებს იმაზე, რომ, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, "ქართული ოცნება" მოქმედებს და ეთაყვანება ისეთ გამონათქვამს, რასაც ჰქვია "მე ვარ და ჩემი ნაბადი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და კანდიდატების შანსებზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ჩემი მოლოდინი ეყრდნობა ანალიზს, რომლითაც შეიმოსა გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების პროცესის შეფასებები. გამომდინარე იქედან, თუ რა მაღალი აქტიურობის იყო სახელმწიფო სტრუქტურების არმია. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, უამრავი საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო სისტემის მთავარ ორგანოს მიეღო გადაწყვეტილება - ხელახლა დაეთვალა ხმები.

იმდენად საფუძვლიანი იყო ასეთი საჩივრები, საერთოდ თითი არ დააკარა ჩვენმა ქალბატონმა ჟვანიამ, რომელიც, დიდი ალბათობით, შეიძლება ვინმემ მოიხსენიოს სხვა გვარით - ანუ ჟვანია-ივანიშვილისა, რომ გავმიჯნოთ ამ გვარის ღირსეული ადამიანები შეცდომით თანამდებობაზე დანიშნული ჟვანიებისგან.

ჩვენთვის კიდევ და კიდევ პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა, რატომ, რა მიზეზით არ ყოფილა ისეთი ნაბიჯი გადადგმული, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნები.

ზოგადად, გასანეიტრალებელია ზოგიერთთა მიდრეკილება, რომლებიც გულში ატარებენ მავნებლურ ლოზუნგს, რაც უარესია - მით უკეთესია.

"რეზონანსი": მაშინ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ არჩევნებზეც მსგავსი სცენარი განმეორდეს?

ს.ც: იმდენად დახვეწილია არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები, რომ მიკვირს, რატომ დასჭირდათ "ქართული ოცნების" ლიდერებს, კიდევ ერთხელ შეეწუხებინათ ქართული კანონმდებლობა - საარჩევნო კომისიებში გაეზარდათ მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა.

ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ "ქართული ოცნება", ისევე მოქმედებს, როგორც წლების წინ ამას აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ეთაყვანება ისეთ გამონათქვამს, რასაც ჰქვია "მე ვარ და ჩემი ნაბადი". ანუ საკუთარი ნაბდის იქით დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ გააჩნია.

"რ": ამ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს რა შანსი აქვს?

ს.ც: ბატონი ზაალი, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ ვიცნობ, ვფიქრობ, რომ არ იქნება ხელწამოსაკრავი კანდიდატი. მას გამოუჩნდება ამომრჩეველი არა მხოლოდ მისი პირადი პოპულარობის გამო წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ის მაყურებელთა შორის, არამედ, ცხადია, იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა მხრიდანაც, რომელმაც მოახერხა უდუმაშვილის პრივატიზაცია საარჩევნო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

დამაჯერებელი იყო ამ კანდიდატის გამოსვლა მეტეხის ციხესთან. იგი არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის 100%-ით იწონებს იმ წლებს. ის იყო ჟურნალისტი.

"რ": მაგრამ ზაალ უდუმაშვილი მუშაობდა იმ ტელეკომპანიაში, რომელიც დღემდე ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან."

ს.ც: ასოცირდებოდა ტელეეკრანის გამო და არა იმის გამო, რომ იგი იყო ამ სატელევიზიო სივრცის რაიმე სახის პოლიტიკის ჩამომყალიბებელი. მისი დამოკიდებულება თბილისის მიმართ და მისი თბილისური წარსული პირველსავე შეხვედრაზე პერსპექტიულ ამომრჩევლებში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ნეგატიური განწყობის საფუძველი.

"რ": მეორე ტურის ალბათობა თუ არის?

ს.ც: მეორე ტური შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერის კანდიდატთა წარმომდგენი პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან, მაქსიმუმ, ორ საერთო კანდიდატზე. ჩვენ გალაღებული ქვეყანა ვართ, 240-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული შესაბამის ინსტანციებში. წარმოიდგინეთ, თუნდაც 5-5 ჯგუფად რომ განლაგდნენ, რამდენ კანდიდატს წარმოადგენენ.

თუ ჩვენ ვისწარფვით იმისთვის, რომ მოვხვდეთ გინესის წიგნში მილიონნახევრიანი ქალაქის მერობის კანდიდატთა სიმრავლით, მაშინ კი, ბატონო, შეგვიძლია, მხოლოდ ამ წარმატებით დავტკბეთ.

"რ": ანუ, თუ ორზე მეტი კანდიდატის დარეგისტრირება მოხდა, გამარჯვების დიდი შანსი სახელისუფლებო კანდიდატს აქვს?

ს.ც: ხელწამოსაკრავი არ არის "ქართული ოცნება" არამხოლოდ საკუთარი ძალებით, არამედ იმ უნარებითაც, რაც მათ აქვთ და თანაც გამოცდილებაც შეიძინეს არჩევნების დროს.

დღემდე მეხსიერებაში რჩება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი უტიფრად საჯაროდ ბრძანებდა - ჩვენ არ დავუშვათ, რომელიმე რეგიონში წარმატება მოიპოვოს რომელიმე სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა.

ამას ამბობს პრემიერი და ისტორიაში საკუთარ კვალს ტოვებს არა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არამედ დაქირავებულთა პარტიის მამასახლისად.

"რ": და მაინც, როგორ ფიქრობთ, რომელ რეგიონში შეიძლება დამარცხდეს "ოცნება"?

ს.ც: თუ ასეთი მოლოდინი არის - მხოლოდ "ოცნება", მაშინ არჩევნებს დაკარგვია მნიშვნელობა. რამე ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს სატელევიზიო კადრები - ვნახეთ, თუ რა აქტიურობით გამოირჩეოდა იმ ქალაქების საკრებულოს წევრთა დიდი ნაწილი, როდესაც მათ ქალაქებს ხელიდან აცლიდნენ დამოუკიდებლობის ქარტიას.

ისინიც კი, ვინც არიან უკმაყოფილონი დღევანდელი ხელისუფლებით, იყვნენ მზად, ეღალატათ საკუთარი ქალაქებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×