საპატიმროში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქორეპისკოპოს იაკობსა და ბათუმის ეპარქიას საეკლესიო კანონების დარღვევაზე მიუთითებს და მასზე დაკისრებული სასჯელის გამო განმარტებებს ითხოვს.
ერთი, რომ, დეკანოზის თქმით, მეუფე იაკობს არ ჰქონდა მასზე ეპიტემიის (საეკლესიო სასჯელის) თვითნებურად დადების უფლება, რადგან ის მისი ხელმძღვანელი მღვდელმთავარი არ არის და თან გაირკვა ისიც, რომ ეს სასჯელი არც პატრიარქთან იყო შეთანხმებული. ასევე, დეკანოზი მიიჩნევს, რომ, საეკლესიო სამართლით, არც ბათუმის მიტროპოლიტს ჰქონდა უფლება, სასულიერო პირისთვის ერთდროულად ორი სასჯელი დაედო.
მეუფე იაკობის თვითნებურ ქცევასა და ეპიტემიის დადების უფლების არქონაზე განცხადებას ავრცელებს ბათუმის ეპარქიაც, ხოლო თეოლოგები საეკლესიო კანონების დარღვევაზე საუბრობენ.
"რეზონანსი" შეეცადა, საპატრიარქოდან ამ პრეტენზიებზე პასუხი მიეღო, კონკრეტულად იმაზე, ორი სასჯელის ერთდროულად დადება არის თუ არა საეკლესიო კანონის დარღვევა და მეუფე იაკობს მოეთხოვება თუ არა განმარტება თვითნებურად, პატრიარქთან შეუთანხმებლად ეპიტემიის დადებაზე, რაზეც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გვიპასუხა, რომ საპატრიარქოს განცხადებაში იქნება ყველაფერი ნათქვამი, ცალკე განმარტებებს კი არ იძლევიან.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ, საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა, მაგრამ რადგანაც მიტროპოლიტ დიმიტრის პოზიცია არ იყო ცნობილი, ხოლო დეკანოზისგან მოდიოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების, ქორეპისკოპოსმა იაკობმა კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.
27 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დროებით ზიარების შეჩერება მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.
"დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია, საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, მამა გიორგი მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიას ეკუთვნოდა და მასზე რამე სასჯელის დადების უფლება მეუფე დიმიტრის გარდა არავის ჰქონდა.
ამიტომაც მეუფე იაკობს თვითნებობის გამო, წესით, პასუხი უნდა მოეთხოვოს, გაფრთხილება უნდა მიეცეს (ისე, როგორც მეუფე პეტრეს წინა სინოდის სხდომაზე), თუმცა ამბობს, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება და ამაზე თუნდაც საპატრიარქოს ბოლო განცხადება მეტყველებს.
თეოლოგის თქმით, საპატრიარქოს ამ განცხადებით დასტურდება, რომ საეკლესიო კანონები არ იციან და მათი თავის მართლება ძალიან უსუსური და გაუგებარია.
"ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საპატრიარქოში მართვის კრიზისია, არიან ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ. ეს გამოავლინა ამ ფაქტმა. იაკობი საკუთარი ინტერესების მისაღწევად ნებისმიერი საშუალებებით მოქმედებს და მის მიერ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საპატრიარქოს უარყოფითი რეაგირებაც არ აქვს.
"მეუფე დიმიტრის განცხადება, მისი წონით და ემოციურობით, გვეუბნება, რომ ეკლესიაში აშკარად სხვადასხვა დაპირისპირებული ბანაკებია.
"საინტერესოა ისიც, რომ თურმე 4 თვის განმავლობაში მეუფე დიმიტრის განცხადება არ ყოფილა და ამიტომ გავხდით იძულებული, დროებით ეპიტემია მეუფე იაკობს დაედოო. მიტროპოლიტი დიმიტრი ურჩი ფეოდალია? ის სინოდის წევრია და არავის აზრად არ მოსვლია, თბილისში მოეწვიათ დიმიტრი შიოლაშვილი და ელაპარაკათ ამ პრობლემაზე", - ამბობს ნარსია.
ცნობისათვის, ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზი გიორგი მამალაძის ზიარებაზე საუბარი ბოლო ერთი კვირაა, რაც ძალიან გააქტიურდა.
23 ივნისს, პარასკევს, პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ დეკანოზთან პატრიარქის დავალებით 2 სასულიერო პირი შევიდოდა, მაგრამ დაკავებულის ზიარება არ მოხდებოდა, რადგან, პირველი, მამა გიორგიმ წარდგენილ მძიმე ბრალდებაზე თავისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს და მეორეც, მას ზიარებაზე ეპიტემია ქორეპისკოპოსმა იაკობმა დაადო იმ განცხადებების გამო, რაც საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით გამოთქვა.
ამის შემდეგ კი, 27 ივნისს, ლაზეთისა და ბათუმის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა, როგორც დეკანოზის მაკურთხებელმა მღვდელმთავარმა, დეკანოზს 2 სასჯელი დაადო - ერთი, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება და მეორე - შეუჩერდეს ზიარება. ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.
ეპარქია ასევე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის, მიერ ეპიტემიის დადებას და აღნიშნა, რომ ღრმად იყვნენ დარწმუნებული, ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. მათივე თქმით, "ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა".
ბათუმის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც სასულიერო პირს აპატიმრებენ, მას ავტომატურად უჩერდება მღვდელმოქმედება, რომ არ ითქვას, თითქოს მამა გიორგი ეკლესიამ გაამართლა სასამართლოს დასრულებამდე და ამიტომაც აზიარა.
"აქედან გამომდინარე, მოხდა მისთვის ზიარების შეჩერება. მამა მიქაელ ბოტკოველის სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინეთ, რომ მამა გიორგის მეუფე იაკობმა დაადო ეპიტემია. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან და პატრიარქთან. ეს შეიძლება იყოს მამა მიქაელის შეცდომა, შეიძლება მეუფე იაკობის თვითნებობა", - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა "იბერიასთან" საუბარში.
დეკანოზის ოჯახი ითხოვს, ან დაისაჯონ მეუფე იაკობიც და მამა მიქაელ ბოტკოველიც, ან ბოდიში მაინც მოიხადონ იმისთვის, რომ სიცრუე გაავრცელეს და ისინი მოქმედებდნენ პატრიარქთან შეუთანხმებლად. ოჯახის წევრები ასევე არ ეთანხმებიან არც მამა გიორგისთვის სამღვდელო ხარისხის შეჩერებას.
როგორც მამა გიორგის ძმა ამბობს, თუ მღვდელმსახურება ბრალდებიდან გამომდინარე უნდა შეჩერდეს, გაუგებარია, რატომ ხდება ეს 4 თვის შემდეგ და არა თებერვალში, როდესაც ბრალი წაუყენეს.