გამოჩნდება თუ არა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გვერდით
თიკო ოსმანოვა
29.06.2017

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში, დიდი ალბათობით, წელს აღარ ჩაერთვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამის საჭიროება აღარ არის. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, ივანიშვილს "ქართული ოცნების" თრევა მობეზრდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში არყოფნის მიუხედავად, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო და საზოგადოებასთანაც მართავდა შეხვედრებს. ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" გამარჯვებაში რომ დაეხმარებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი.

ახლა კი, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, უმრავლესობის წევრები ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან. "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა აღარ არის. მისი თქმით, "ოცნების" კანდიდატები დამოუკიდებლად შეძლებენ გამარჯვებას.

"ვნახოთ, ჩაერთვება თუ არა, ამას თავად გადაწყვეტს. ვფიქრობ, არ ჩაერთვება, რადგან ამის საჭიროება არ ჩანს. დანარჩენს ვნახავთ. მე პირადად ამ საკითხზე მასთან არ მისაუბრია", - გვითხრა ქანთარიამ.

"რეზონანსის" კითხვაზე - ივანიშვლი კვლავ აქტიურად განიხილავს თუ არა თანაგუნდელებთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იგი გვპასუხობს: "თვითონ თუ მოისურვებს, ამაზე, ბუნებრივია, იტყვის.

დასასრული

"არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ მე უნდა ვისაუბრო. თავად გამოვა ყველაფერზე განცხადებით. ამ ეტაპზე არ ჩანს იმის საჭიროება, რომ პარტიას გვერდით დაუდგეს, კანდიდატი საკმაოდ ღირსეულია და ვფიქრობ, გამარჯვება არ გაუჭირდება."

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ივანიშვილს "ქართული ოცნების" თრევა მობეზრდა.

"კიდევ 2-3 კვირა მჭირდება იმისთვის, რომ დავრწმუნდე, რომ ივანიშვილი აღარ ჩაერევა ამ არჩევნებში. მარტო აქტიურობას არ ვგულისხმობ, არაოფიციალურადაც აღარ ჩაერევა.

"ჩემი აზრით, "ოცნების" ლიდერების განცხადებები ცარიელ ადგილზე არ წამოსულა. ეს არც მათი ინიციატივაა. ეტყობა, ივანიშვილისგან მიიღეს ასეთი მითითება, რომ საჯაროდ განაცხადონ - ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის აქტიურობის დრო უკვე წავიდა.

"ოცნებამ", დროა, თვითონ ისწავლოს სიარული. თუ აქამდე ჭოჭინა იყო მაგათთვის ივანიშვილი, ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. ერთი სიტყვით, ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო - ივანიშვილს მობეზრდებოდა ამათი თრევა", - გვითხრა ცინცაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები იქნება "ოცნების" ბოლო აკორდი.

"ივანიშვილმა ყველაფერი გაუკეთა, ჩააბარა ხელისუფლება, მაგრამ ამათმა ცარიელ ადგილზე დაიწყეს ფორთხიალი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში.

ივანიშვილს სულაც არ აძლევს ხელს, არაოფიციალურ შეხვედრებზე პასუხი აგოს, მაგალითად, ჯეჯელავას სულელურ განცხადებებზე და კვირიკაშვილის გაუმართლებელ საკადრო პოლიტიკაზე. მით უმეტეს ქვეყანაში კატასტროფული სოციალური ფონია. მე მგონი, ადგილობრივი არჩევნები იქნება "ოცნების" უკანასკნელი აკორდი", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის სურვილია, ივანიშვილი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული კვლავ იხილოს.

"ჩაერევა თუ არა, ეს ბატონი ბიძინას გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება, რომ იგი აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში. მასაც მოესმინა საზოგადოების მიუღებლობა მისი შექმნილი გუნდის გამო. მოგვცემდა ამით სიმშვიდის საფუძველს, დავწმუნდებოდით მის სრულ და მჩქეფარე ჯანმრთელობაში.

"მე ვარჩევდი, რომ მოგვეცადა და მერე გვესაუბრა, მობეზრდა თუ არა ივანიშვილს "ქართული ოცნება". თითოეულ ჩვენგანს თავად დაენახა და მოესმინა ასეთი განცხადება ივანიშვილისგან. მანამდე კი უამარავ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი.

"მე საკუთარი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ჩამომიყალიბდება მაშინ, როცა მოვკრავ თვალს, ან მივუგდებ ყურს ივანიშვილის გამოსვლას", - გვითხრა ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×