"მხოლოდ ის ნაგებობები უნდა დაინგრეს, რომლებიც სეისმურად არამდგრადია"
ნათია ლომიძე
29.06.2017

 თბილისში საცხოვრებელ სახლებზე მიშენებულთა 50%-ზე მეტი უკანონოა. ზოგიერთი ავარიულია, ზოგი კი - გამართული, თუმცა თავის დროზე არც ერთ მათგანზე ნებართვა არ გაცემულა. მიუხედავად ამისა, მსგავს მშენებლობაზე დაკისრებული ჯარიმებისგან მოსახლეობა თავისუფლდება. ურბანისტები მიიჩნევენ, რომ მიშენებაზე დაკისრებული ჯარიმები ერთიანად უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ის უკანონო ნაგებობები უნდა დაინგრეს, რომლებიც სეისმურად არამდგრადია.

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, მოქალაქეები ნებართვის დარღვევით წარმოებული რეკონსტრუქციისა და მიშენების გამო დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლდებიან.

უანონო მიშენებაზე დაკისრებული ჯარიმის მოხსნას მართებულად მიიჩნევს დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი. მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ფართები, სადაც ისინი ცხოვრობენ, დაიკანონონ, მოახდინონ ლეგალიზება და ამით საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.

უკანონო მიშენებასთან დაკავშირებით დედაქალაქში მართლაც სავალალო ვითარებაა. ბევრი მათგანი საფრთხის შემცველიცაა. წლების წინ საცხოვრებელ სახლებზე მიშენების უმრავლესობას უკანონოდ მიიჩნევს საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, თუმცა რადგანაც ეს მშენებლობა მოსახლეობამ წლების წინ აწარმოა, ყველა მაშინდელი პირობების შესაბამისად მოქმედებდა. ამიტომ ამდენი წლის შემდეგ ჯარიმის მოხსნა აუცილებელია, რადგან თბილისის მოსახლეობას სხვა უფრო მტკივნეული პრობლემები აწუხებს და შესაბამისი სტრუქტურები სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხების გადაჭრით უნდა იყვნენ დაკავებულნი.

"ადრე, როდესაც ამ მიშენებას აკეთებდნენ, სხვა კანონი იყო ან საერთოდ არ იყო და მოქალაქეები შესაბამისად მოქმედებდნენ. თუ მიშენება ნორმალურადაა ჩატარებული, შენობას არ ამახინჯებს ან არ არის საშიში, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა უნდა გაუქმდეს. ხალხს ისედაც ძალიან უჭირს, ქვეყანაშიც სხვა უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი და ასეთ სკითხებს არ უნდა ვუბრუნდებოდეთ.

ისეთი ნაგებობები კი, რომლებიც ავარიული და საშიშია, აუცილებლად უნდა დაინგრეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, და შემდეგ წლებშიც თბილისში მიშენების ნახევარზე მეტი უკანონო იყო და ისინი დღემდე არ დანგრეულა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ სხვა კანონები მოქმედებდა და ნაგებობა თუ არ ამახინჯებს ფასადს ან არ ქმნის სხვა პრობლემას, აღარ არის დანგრევის ან დაჯარიმების აუცილებლობა", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მაჩაიძემ.

წლების წინ დასრულებულ მიშენებაზე დაკისრებული ჯარიმისგან განთავისუფლებას ემხრობა ურბანისტი მერაბ ბოლქვაძეც. მისი თქმით, მსგავს ამნისტიას დასავლეთის ქვეყნებიც მიმართავენ, რაც სავსებით ნორმალურია.

"მიშენებაზე ერთგვარი ამნისტირება ევროპულ ქვეყნებშიც მიღებულია, რათა არ გადაიტვირთოს სასამართლოები. წლების შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აუქმებენ ასეთ ჯარიმებს.

საგადასახადო კონტექსტიდან გამომდინარე, უფრო საინტერესოა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი განვითარებულ ქვეყნებს მივბაძავთ და იმ ჯარიმებს, რომელიც უკვე დაეკისრა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, გააუქმებენ და ხალხსაც გაათავისუფლებენ ზედმეტი ტვირთისაგან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ბოლქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×