ნინო ქეთელაური
29.06.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი ფართომასშტაბიანი წრთვნები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წელს 100-ზე მეტი სწავლებაა დაგეგმილი, სადაც პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიების გეგმას შეიმუშავებენ.

"შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად - ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში.

"მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 100-ზე მეტი სწავლება როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წრთვნები", - ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაშიც გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც "აფხაზეთს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება, რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სამხედრო რიტორიკასა და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს."

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, ოფიციალური თბილისის საპასუხო ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება იქნება.

"ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედება ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო პასუხი ამაზე იყოს ერთიანი. რაც შეეხება თავად ამ ღონისძიებას, რაც არის დაგეგმილი, ვფიქრობ, რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ სამართლიანი მოთხოვნების ცივილიზებულ სამყაროს თავაზიანი პოზიცია დაინახოს ჩვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჯერჯერობით კვლავ იგნორირებულია.

"ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის, პარტნიორების, ასევე, ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული სტანდარტის განვითარება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ მეგობრებთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი უმრავლესობას შესაბამისი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

"უმრავლესობის ლიდერი საუბრობდა იმაზე, რომ დასაგმობია რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაში ვეთანხმები სრულიად და ნამდვილად დასაგმობია, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში, მათ შორის, ეს წრთვნებიც და კარგია, რომ ასეთი გზავნილია, ოღონდ აქვე გაგახსენებთ დღის წესრიგის 99-ე საკითხს, ეს არის რეზოლუცია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან დაკავშირებით.

"ამ განცხადებებს სჯობს, მარტივი წინადადება მაქვს, გადმოვიტანოთ, განვიხილოთ რეზოლუცია და კენჭი ვუყაროთ. ჩვენი ინიცირებული რეზოლუციაა, თუმცა მზად ვართ, რომ თქვენი შენიშვნები გავითვალისწინოთ, დავამატოთ ეს დაგმობაც და მარტო განცხადება კი არ იქნება, არამედ იქნება საქმე - პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას", - განაცხადა კაპანაძემ.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა დავითაია აცხადებს, რომ აღნიშნული წრთვნებით, სამწუხაროდ, არაფერი გასაკვირი და არაორდინარული არ ხდება, რადგან აფხაზეთსა და რუსეთს შორს გაფორმებული ხელშეკრულებით, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში არიან.

"აქედან გამომდინარე, ერთიან სისტემაში ატარებენ წრთვნებს. როგორც იცით, რუსული სამხედრო ბაზები ძალიან ბევრია. მარტო გალის ტერიტორიაზე დაახლოებით 21 სამხედრო ბაზაა, რომ არაფერი ვთქვათ ძველ ბაზებზე. ისინი წელიწადში 4-ჯერ მაინც ჩადიან და ატარებენ წრთვენებს.

"მაგალითად, წინაზე იყო წრთვნები მთიან რეგიონში, კოდორის მიმართულებით. იმის წინ სნაიპერული მუშაობის წრთვნები ჩატარდა. ბოლო წრთვნები კი მოიერიშე შეტევების განხორციელებაზე იყო. ანუ, ყველა მიმართულებით გადიან ვარჯიშებს", - აცხადებს პაატა დავითაია და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებას ემსახურება.

"ქართული მხრიდან არაფერი რეაგირება არ ხდება, დღევანდელ ხელისუფლებას არც აინტერესებს, აფხაზეთში რა ხდება. ეს მაშინ, როდესაც ისინი სულ მზადყოფნაში არიან და ახდენენ ძალის დემონსტრირებას", - აცხადებს პაატა დავითაია.

რაც შეეხება დამატებით შეიარაღებას, დავითაია აცხადებს, რომ წრთვნების პარალელურად რუსული შეიარაღების შეტანაც იზრდება.

"ბოლო 2 თვის განმავლობაში არაადეკვატურად დიდი რაოდენობის შეიარაღება და ჯარი შევიდა აფხაზეთში. ჯარის წარმომადგენლებს, ვინც იქ დგანან, წინაზე ეუბნებოდნენ, რომ ყარაბაღისთვის ვემზადებითო.

"თუმცა რაც შეეხება საფრთხეებს, არა მგონია, ჩვენი მისამართით რამე მოხდეს. ეს არის ვარჯიში, რომელიც რუსული და აფხაზური ჯარების ინტეგრაციის კარგი საშუალებაა", - აცხადებს პაატა დავითაია და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობის შეიარაღებისა და ჯარის არსებობა ადგილობრივების დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აღნიშნული წრთვნები არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებს.

"ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი ატარებს მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამისად, მოსკოვი რასაც მოისურვებს და საჭიროდ ჩათვლის, იქ იმას აკეთებს.

"მოსაზრება, რომ რუსეთი ამით ვიღაცას აშინებს, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ის ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მისი განკარგულების ქვეშაა და სულ არ აინტერესებს, რას ვიტყვით ჩვენ და როგორ", - აცხადებს ლევან კიკნაძე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართულმა მხარემ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

"ქართული მხარის მხრიდან ამას პროტესტი უნდა მოჰყვეს, ისევე როგორც შეფასებები ევროსტრუქტურებისგან. იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სამხეთ ოსეთის, საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა და იქ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენ გარეშე ჩატარებული წრთვნები დარღვევაა.

ასეც უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ამას არაფრად აღიქვამს რუსეთი და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოესურვება", - აცხადებს ლევან კიკნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×