რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთთან არალეგალურ, და ანტიქართულ ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ თოქ-შოუში ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი:

„პეტრო პოროშენკო - უკრაინის პრეზიდენტი, 2010 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, 2010 წლის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი და ამავდროულად, ქარხანა „ბოგდანის" მფლობელი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. რუსეთი დარბოდა ამ დროს მსოფლიოში და ცდილობდა, რომ ვინმეს ეღიარებინა ეს ტერიტორიები ან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ მათთან. უკრაინასთან ჩვენ მაშინ რთული ურთიერთობა გვქონდა, ვინაიდან უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. იანუკოვიჩი არ გამორიცხავდა, რომ უკრაინას შესაძლოა ეღიარებინა ეს ორი ტერიტორია. ეჭვი მქონდა, რომ გარდა რუსეთის გავლენისა, არსებობდა რაღაც კომერციული ინტერესები. ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე ის არის, რომ 2010-2014 წლებში, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბოგდანი" ოფიციალურად (ეს დოკუმენტებშია მოყვანილი), თავისი პროდუქციის ექსპორტს ახდენდა ოკუპირებულ აფხაზეთში. პოროშენკო შემოსავალს ღებულობდა არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული ვაჭრობისგან ოკუპირებულ აფხაზეთთან. პრეზიდენტი პოროშენკო ვაჭრობდა და არღვევდა უკრაინისა და საქართველოს კანონებს და საერთაშორისო სამართალს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტირებული ინფორმაცია", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პეტრო პოროშენკომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×