პრეზიდენტის კანდიდატურა დეპუტატებს არ მოსწონთ
მარი ჩიტაია
30.06.2017

 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს. სამი წევრისგან შემდგარ სემეკში ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება, ხოლო ახალი წევრის შერჩევა ჭიანურდება. დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტის კანდიდატურას არ იწონებს, ორი წევრის ამარა დარჩენილი კომისია კი უუნარო იქნება.

უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია. მან კი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ ის ენერეგეტიკის სფეროში კომპეტენტური არ არის.

"როგორც სპეციალისტის, მე კანდიდატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვეწინააღმდეგები იმას, თუ ვინ შეარჩია ასეთი კანდიდატი. ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წევრების დიდი ნაწილი უნდა იყოს ენერგეტიკის სპეციალისტი.

ჩემი აზრით, პრეზიდენტმა არასწორი კანდიდატი შეარჩია, მთავრობა კი იმის გამო, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობაა და სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი სემეკის საკითხი, რათა ქმედუუნარო არ გახდეს მარეგულირებელი კომისია, დაეთანხმა ამ კანდიდატს", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, სემეკში 5 წევრი უნდა იყოს. მათ პარლამენტი 6 წლის ვადით ხმათა უმრავლესობით ირჩევს. კომისიის წევრთა კანდიდატურებს კი პარლამენტს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

ამჟამად სემეკს ორი წევრი აკლია. კომისია ხუთი წევრის ნაცვლად, სამი წევრით მუშაობს, რომელთაგან ერთს - გოჩა შონიას - ვადა აგვისტოში ეწურება, კომისია კი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი სხდომას არანაკლებ სამი წევრი ესწრება.

შექმნილ მდგომარეობაში ენერგეტიკის სამინისტრო გამოსავალს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებში ხედავს, რომლის განხილვაც უწყებამ პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვა.

პარლამენტს კი შენიშვნები აქვს უკვე ინიცირებული რამდენიმე სხვა პროექტის მიმართაც, რომელთა დაჩქარებულად მიღებას არ ეთანხმება.

რაც შეეხება სემეკის წევრის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ მაია მელიქიძეს, დეპუტატებმა მისი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ, არ დაუჭირა მხარი.

სემეკის წევრობის კანდიდატი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მელიქიძის კანდიდატურა უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან და ის პარლამენტს წარედგინა.

"ამჟამად სემეკში 3 წევრია, თუმცა ერთ-ერთ წევრს აგვისტოში გასდის ვადა და რისკის ქვეშ დგება სემეკის ფუნქციობის საკითხი. პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების ეფექტური და გამართული მუშაობა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი სემეკში წარადგენს მაია მელიქიძის კანდიდატურას.

იგი მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტია, აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც სემეკის წევრს უნდა ჰქონდეს და მისი შემატება სემეკის გუნდისთვის იქნება ღირებული. იმედია, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატურას", - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა 28 ივნისს წარადგინა და ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×