ნინო ქეთელაური
30.06.2017

 "აუცილებელია, საქმეში ჩაერთონ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ასევე ევროკავშირი, ნატო, რომლებიც ქართულ საზოგადოებას მისცემენ მინიშნებას, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით მნიშვნელოვნად შეფერხდება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან საუბრისას.

მისი შეფასებით, პროცესში მხოლოდ ვენეციის კომისიის ჩარევა არ კმარა და აქ უკვე საჭიროა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რადგან თუნდაც საარჩევნო სისტემის ძალაში დატოვებით შესაძლებელი იქნება, მომავალ არჩევნებზე ისევ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სერიოზულად შეაფერხებს.

ნიკა ჩიტაძე: მე სრულიად ვეთანხმები ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, რადგან უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებებით "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. იქ საუბარია პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე, პარლამენტის და მთავრობის როლის გაძლიერებაზე.

ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია უშიშროების საბჭოს გაუქმება, თანაც ეს იმ პერიოდში, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია რუსეთის ფედერაციასთან.

ამას ემატება საარჩევნო სისტემა. სამწუხაროდ, 2024 წლამდე შენარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა, რაც "ქართულ ოცნებას" მისცემს საშუალებას, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და საპარლამენტო არჩევნებში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაიგდოს ხელში.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებების შემდეგ კონსტიტუციის პროექტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება?

ნ.ჩ.: ნაწილობრივ ნამდვილად ეჭვქვეშ დგება. მართალია, "ქართული ოცნება" ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და მაინც მიიღებს ნებისმიერ ცვლილებას, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში არასწორი საარჩევნო სისტემაა. შესაბამისად, მის ლეგიტიმურობაზე უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება.

"რ": პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი უნდა შეჩერდეს. ეთანხმებით მის პოზიციას?

ნ.ჩ.: რა თქმა უნდა, ვეთანხმები მის მოსაზრებას. ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს შეტანილი, რადგან ესეც "ქართული ოცნების" პოზიციების გამყარებას მოემსახურება.

დასასრული

თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ მათ 3%-მდე დაწიეს საარჩევნო ბარიერი. ერთი შეხედვით, "ოცნებას" ხელს არ აძლევს ბევრი პარტია პარლამენტში, მაგრამ გათვლა იმაზეა, რომ საკითხის განხილვას გადაიტანენ 2024 წლამდე იმის იმედით, რომ ამასობაში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ და 3%-იანი ბარიერით პრობლემას ოპოზიციურ პარტიებს შეუქმნიან. მათ უნდათ, რომ, მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" დამატებით ჰყავდეს ოპონენტები სხვა პარტიების სახით.

"პატრიოტთა ალიანსმა" ბარიერი რომ გადალახა, ეს "ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელია, რადგან ამით უფრო მეტი პრობლემა "ნაცმოძრაობას" ექმნება, ვიდრე მმართველ ძალას.

ამით იმის თქმა მინდა, რომ დამატებით სხვა პარტიების გამოჩენა "ოცნებას" აძლევს იმის საშუალებას, რომ იყვნენ საკონსტიტუციო უმრავლესობაში და თან თქვან - აი, რა კარგია, პარლამენტში ახლა უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტებშიო.

"რ": ირაკლი კობახიძისგან უკვე მოვისმინეთ, რომ პროექტში არსებითი ცვლილებები არ განხორციელდება. ეს ნიშნავს თუ არა, რომ "ოცნებამ" შენიშვნების გათვალისწინება თავშივე გამორიცხა?

ნ.ჩ.: ჩემი აზრით, აუცილებელია, საქმეში ჩაერთონ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ასევე ევროკავშირი, ნატო, რომლებიც ქართულ საზოგადოებას მისცემენ მინიშნებას, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით მნიშვნელოვნად შეფერხდება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვენეციის კომისიის ჩარევა არ კმარა და აქ უკვე საჭიროა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

"რ": ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციას მხოლოდ ერთი პარტია არ უნდა უჭერდეს მხარს და საჭიროა მხარეებს შორის კონსენსუსი. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

ნ.ჩ.: არ მგონია, დიალოგის წარმართვა მოხერხდეს. "ქართული ოცნება" განაცხადებს, რომ მას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს ფლობს. შესაძლოა, მოსაჩვენებლად სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან გარკვეული კონსულტაციების პროცესი დაიწყოს, მაგრამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც თავად სურს. ამიტომ ამ მიმართულებით პრობლემები ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, ამ პროცესებშიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა აუცილებელია.

"რ": თუ "ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და მაინც საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პაკეტს ერთპიროვნულად დაამტკიცებს, რა შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის?

ნ.ჩ.: რა თქმა უნდა, ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, სერიოზულად შეაფერხებს ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. თუნდაც ამ საარჩევნო სისტემის ძალაში დატოვებით შესაძლებელი იქნება, მომავალ არჩევნებზე ისევ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სერიოზულად შეაფერხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×