"სამწუხაროდ, ბუკიკიო გვიან მიხვდა, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ლეღვის ფოთლად და ამიტომაც ასეთი მძიმე იყო მისი რეაქციაც. ეს გაბრაზებული ადამიანის განცხადებაა," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
"რეზონანსი": ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებით უფრო და უფრო იმედგაცრუებულია, რადგან კონსენსუსის გარეშე მოხდა მისი ერთპარტიულად მიღება და ეს არის კრიზისი. დიპლომატიურ ენაზე რას ნიშნავს ეს განცხადება?
გია ხუხაშვილი: ბუკიკიომ გვითხრა, რომ საკონსტიტუციო პროცესი იყო ფარსი და შეურაცხყოფილადაც გრძნობს თავს, რომ ამ ბლეფში მიაღებინეს მონაწილეობა და ვიღაც შეეცადა, ის ლეღვის ფოთლად გამოეყენებინა. ეს გაბრაზებული ადამიანის განცხადებაა.
ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მუდმივად აცხადებდა, რომ ვენეციის კომისია აღფრთოვანებულია ჩვენი კონსტიტუციის პროექტით - ვაი, ეს რა ვნახეთო და ამ დროს სხვა რამ ვნახეთ. სამწუხაროდ, ბუკიკიო გვიან მიხვდა, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ლეღვის ფოთლად და ამიტომაც ასეთი მძიმე იყო მისი რეაქციაც.
ადამიანებს ქცევის მინიმალური სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. ამ პროცესის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო, თუ პროპორციული სისტემა არ იქნება მიღებული, გადავდგებიო, მაგრამ შემდეგ საკუთარი სიტყვა შეჭამა.
ასევე, თქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სრულად იქნება გათვალისწინებულიო. ამ დროს ვენეციის კომისიის ფუნდამენტური რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. მთავარი კონსენსუსის თემა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა იყო, თითქოს აქეთკენაც მიდიოდნენ, მაგრამ ერთ დღეში შეცვალეს.
ამას რა დავარქვა? ყველა ადამიანური და პოლიტიკური სტანდარტის წითელი ხაზი გადაკვეთეს. ეს დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არანაირი სტანდარტი არ გააჩნიათ და ნებისმიერ რაღაცაზე ხელის მომწერები რომ არიან.
ჰგონიათ, რომ ყველაფერი გაუვათ. ამ ტიპის ქმედებების პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია, მინიმალური სტანდარტი გადადგომაა. მათ დაიპირისპირეს მთელი ოპოზიცია, მთელი სამოქალაქო სექტორი, სრულ იზოლაციაში არიან და საზოგადოებას აყვედრიან, კონსენსუსის უნარი არ გაქვთო. მარტო ჯეჯელავას და კობახიძეს ჰქონიათ კონსენსუსის უნარი გამომუშავებული.
"რ": კონსენსუსის არარსებობაში მდინარაძემ ოპოზიცია დაადანაშაულა.
გ.ხ.: ეს არის ამაზრზენი ინტერპრეტაცია ძალიან მარტივი საკითხის. ერთი ადამიანი მაინც მაჩვენონ, ვისთან აქვთ კონსენსუსი?! კონსენსუსს ეძახიან, თავად ფეხებს რომ დააბაკუნებენ და ყველაფერი შეუსრულდებათ?!
"რ": თქვენი პროგნოზი რა არის, დათმობს ხელისუფლება და ხელახლა დაიწყებს კონსტიტუციის განხილვას?
გ.ხ.: უკან დასახევი გზა თავად მოიჭრეს. ეტყობა, იცოდნენ, ბუკიკიოს უარყოფითი რეაქცია რომ ექნებოდა და კონსტიტუციაში ცვლილებები ფართხაფურთხით მიიღეს 2 მოსმენით.
ძალიან საეჭვოა, რომ განხილვა თავიდან დაიწყოს. უგუნურობის ხარისხი იმდენად დიდია, რომ პროგნოზი უჭირთ. ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ.
საარჩევნო ნაწილში კონსტიტუცია გაუარესდა და ასეთი ტიპის ქმედებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამა თუ იმ ფორმით გარდაუვალია. შეიძლება იყოს რბილი, ან იყოს მკაცრი. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ხალხი ბრაზდება. კრიტიკულ მასას რომ აკრეფს, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ, ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
პოლიტიკური ლეგიტიმაცია მათ დაკარგული აქვთ, ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" დღეს შველის, ისაა, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა იმდენად დიდი მოთხოვნაა ამისა, რომ დღეს ან ხვალ გამოჩნდება ალტერნატივაც და წალეკავს ამ ხელისუფლებას. მიშა სააკაშვილს ძალა მაინც ჰქონდა და ეფექტური იყო, ამათ ესეც არ აქვთ.
"რ": ქვეყნის გარეთ ჩვენს იმიჯზე როგორ აისახება ხელისუფლების ეს სიხისტე?
გ.ხ.: ვენეციის კომისია ამ ხელისუფლებისთვის უკვე დაკარგულია, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ჩვენ ამით ხომ არ ვამთავრებთ ცხოვრებას, მომავალში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კანონის მიღება გვჭირდება. ხელისუფლებამ კი ხიდები დაწვა არა მარტო ქვეყნის შიგნით ყველასთან, არამედ ვენეციის კომისიასთანაც მოიჭრა გზა.
ეს, პირდაპირი გაგებით, ფატალური არ არის, მაგრამ საგარეო მიმართულება რომ ავიღოთ, ეს არის ერთი პაკეტი, ასევე, მუხთარლის საქმე არის მეორე პაკეტი, რომელიც, სამწუხაროდ, დასავლეთში არასდროს დაავიწყდებათ. 2-3-ს კიდევ გააჩენენ, ისეთი სისწრაფით გენერირებენ კრიზისებს, ხვალ და ზეგ კიდევ ჩახტებიან ტლაპოში. ყველა მიმართულებით უარესდება მდგომარეობა.