ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, ხელისუფლება ოპოზიციის არაადეკვატურობაზე საუბრობს
ეკატერინე ბასილაია
30.06.2017

 "ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები", "საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი ბლოკირებული და ჩიხში შესულია", "ეს უკვე კრიზისია"... - ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს შეფასებები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ უფრო და უფრო მწვავეა "ქართული ოცნების" მიერ ხმის მიცემის წინა დღით სასწრაფოდ შეცვლილი კონსტიტუციის პროექტის და უმთავრესად პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით გადავადების გამო.

ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების დიდ პროტესტს ახლა უკვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საკმაოდ ხმამაღალი, ხისტი კრიტიკაც შეემატა და საგულისხმოა, რომ 1995 წლიდან დღემდე არაერთხელ შეცვლილი კონსტიტუციის პროექტის შეფასებისას ჯანი ბუკიკიო პირველად გამოდის ასეთი მკაფიოდ კრიტიკული განცხადებებით.

ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ ბუკიკიოს მხრიდან ეს მწვავე კრიტიკა მოსალოდნელი იყო. ოპოზიციისა და არასამთავრობოების თქმით, ხელისუფლებამ არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ვენეციის კომისიაც მოატყუა, რადგან კენჭი შეცვლილ კანონპროექტს უყარა და ამან გამოიწვია ბუკიკიოს ასეთი მკაფიო კრიტიკაც. ოპოზიცია და პრეზიდენტი პროექტის უკან გამოწვევას ითხოვენ.

ხელისუფლების განცხადებით კი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კარგად აუხსნიდნენ საქმის არსს, იმას, რომ გუნდში კონსენსუსის მიღწევა მაჟორიტარობის გაუქმების გადავადების გარეშე ვერ ხერხდებოდა და ბუკიკიო "გაგებით მოეკიდებოდა" პარლამენტის ამგვარ გადაწყვეტილებას, ოპოზიიცის მოთხოვნა კი "არაადეკვატურია".

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომიიის პრეზიდენტი ბათუმში ოთხშაბათ საღამოს ჩამოფრინდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე დასასწრებად და იმავე ღამეს ჟურნალისტებთან კონსტიტუციაში შეტანილ დათქმაზე, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადებას ეხება, თქვა, რომ "ამ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია" და "ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია."

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბუკიკიოს იმედგაცრუებას არასწორი თარგმანი და "სუსტი ზმნა" უწოდა, რომელიც "მედიაში არასწორი აქცენტით გაშუქდა", რეალურად კი ბუკიკიოს აქცენტი იყო სხვა.

"თარგმანის ამბავია. მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება - სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე, ვენეციის კომისია, ასევე, ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. სათაურად იმედგაცრუება გამოიტანეს მედიაში, თუმცა ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას მივიღებო და ეს არ მოხვდა სათაურში," - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კი თქვა, რომ "როდესაც ბატონი ბუკიკიო გაერკვევა, აუხსნიან მას საქმის ვითარებას, ვფიქრობ, გაგებით მოეკიდება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო სწორედ ის შუალედური ვარიანტი, რომელზეც შეთანხმდა უმრავლესობა".

თუმცა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯანი ბუკიკიო შეხვდა პრემიერსაც, პარლამენტის სპიკერსაც, საგარეო საქმეთა მინისტრსაც, პრეზიდენტსაც, შემდეგ ოპოზიციასაც და მისი განცხადებები შერბილების ნაცვლად, უფრო კრიტიკული გახდა. მან თქვა, რომ "უფრო და უფრი იმედგაცრუებულია".

"მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) ავუხსენი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, ცვლილებები მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსით და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით", - განაცხადა ბუკიკიომ, რომლის თქმითაც, ვინაიდან არ არის კონსენსუსი, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ეს უკვე კრიზისია და ხელისუფლებას ოპოზიციასთან და ქართულ საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდა.

ამ კრიტიკის მიუხედავად, პრემიერი და პარლამენტის სპიკერი ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე მიიღებენ კონსტიტუციას, რომელიც იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი და მესამე მოსმენისას რაიმე არსებითი ცვლილება უკვე არ მოხდება.

პრეზიდენტი კი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ჩიხიდან გამოსასვლელად პროცესი შეჩერდეს და შემოდგომაზე, კონსენსუსიდან გამომდინარე, თავიდან ახალი პროექტის განხილვა დაიწყოს.

არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გაწვევას ითხოვს ოპოზიცია. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერია ირმა ინაშვილმა განაცხადა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება და ხელისუფლებასთან დიალოგს იწყებს, რომ "რაღაც ხელისუფლებამ დათმოს, რაღაც - ოპოზიციამ."

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეთანხმება ჯანი ბუკიკიოს იმაში, რომ კრიზისია კონსენსუსთან მიმართებით, თუმცა "ოცნება" არაფრის დათმობას არ აპირებს და, პირიქით, ოპოზიციისკენ იშვერს ხელს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია კონსენსუსზე წამოვიდეს, "არაადეკვატური განცხადებები" ისმის და ხელახალი განხილვის დაწყებას ითხოვენ.

"როდესაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ყველა პოლიტიკურ ძალას კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას და ცვლილებების პროექტის გამოწვევას პარლამენტიდან", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ პროექტის შეცვლილი ვერსიაა მიღებული. მისი თქმით, სიტყვასიტყვით იგივე დოკუმენტია მიღებული, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაციაც. ერთადერთი ცვლილება შეეხო გარდამავალი დებულების კონკრეტულ მუხლს, პროპორციული არჩევნების ერთი ვადით გადაწევას.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და კონსტიტუციის პროექტის თავიდან განხილვას არ დაიწყებს.

"შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნება მიღებული ცვლილებები. სხვა ვარიანტი, როგორც ჩანს, არც განიხილებოდა. თორემ ის, რომ ვენეციის კომისიასთან და შიდა კონსენსუსი ქვეყანაში ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა. ამიტომ შეაჩეროს და თავიდან დაიწყოს პროცესი, ამაზე ხელისუფლება არ წავა.

"მეეჭვება, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე წასვლა ამ ზარალს, რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების ამ სიხისტეს დასავლეთის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები არ მოჰყვება.

"სამწუხარო ფაქტია და, ბუნებრივია, ეს ევროპასთან ინტეგრაციის გარკვეულ პროცესს შეაჩერებს, თუმცა გადამწყვეტ და მკვეთრ ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან ნამდვილად არ ველოდები. იმიჯი, რა თქმა უნდა, შელახულია და ამის გამოსწორება და აღდგენა, მე მგონი, ვერ მოხერხდება", - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×