(რეზონანსი) 31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი ჩამოვა.ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პენსის ვიზიტი შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.პრემიერმინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მაღალი დონის კონტაქტების დამყარება შეძლო.
„აშშ-ში შეხვედრის დროს ბატონი ვიცეპრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში.ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცეპრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, არის საქართველოც, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატების" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაიკ პენსი საქართველოში პრემიერმინსტრს და პრეზიდენტს შეხვდება. მათთან ერთად, ვიცეპრეზიდენტი შეხვდება ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც „the Noble Partner"-ის სწავლებაში მონაწილეობენ. მაიკ პენსი საქართველოს, ესტონეთსა და მონტენეგროს 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ეწვევა.
საქართველოში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა.
„საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი ასეთ მოკლე პერიოდში არის დასტური, რომ საქართველო და აშშ ერთად გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი" , - აღნიშნა მინისტრმა.