(რეზონანსი) ვენეციის კომისიის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვიზიტის შემდეგ ინიციატივით გამოდან, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლი შეასრულონ და კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციებში ჩაერთონ. ჯანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ ახალი კონსტიტუციის მთავარი ნაკლი მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებაა.
„საქართველოში დემოკრატიული პროცესების გადავადება მოხდება 7 წლით. გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ეს საკითხი ვინმეს ამ ქვეყანაში. ჩვენი როლი ცხადია, მოდერაციაში შეიძლება გამოიხატოს. ჩვენ ვართ ის აქტორები, რომლებსაც არ გაგვაჩნია პოლიტიკური დღის წესრიგი და შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეიქმნას" , - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ კონსტიტუცია პარლამენტში მეორე მოსმენით უნდა დაბრუნდეს,თუმცა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ნაწილში. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონსენსუსი მიღწეული არ იქნება , კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა.
„თავდაპირველად პოზიტიურად ვიყავი განწყობილი კონსტიტუციის გადახედვის პროცესის მიმართ, რადგან ბევრი მხარე იყო ჩართული, მათ შორის არასამთავრობოებიც, კარგი ნაბიჯებიც გადაიდგა, პროექტიც იყო კარგი, შემდეგ გადადეს მნიშვნელოვანი ელემენტი, ამიტომ შეიქმნა პრობლემაც, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია" , - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული შეფასება გუშინაც გააკეთა. მან პროცესებთან დაკავშირებით თქვა: „დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი ძალიან იმედისმომცემი იყო".
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. სტუმრები ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.