პოლიტიკური ვნებათაღელვა თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების გარშემო
თიკო ოსმანოვა
01.07.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, ვეტოს უფლება კიდევ გამოიყენოს. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების კანონპროექტზე, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანებას გულისხმობს. სამოქალაქო სექტორმა მარგველაშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის უკვე მიმართა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ტრადიციულად, ვეტოს დასაძლევად ემზადებიან.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განსახილველად მუნიციპალიტეტებს 7 თვითმმართველი ქალაქის და 7 მუნიციპალიტეტის გაერთიანების რეკომენდაცია გაუგზავნა, ხოლო ამის გათვალისწინებით მომზადდა კანონპროექტი, რომელსაც გუშინ მესამე მოსმენით ეყარა კენჭი და უახლოეს დღებში პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

ცვლილების მიხედვით, 7 თვითმმართველი ქალაქი (გორი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი, ოზურგეთი, მცხეთა და ამბროლაური) 7 მუნიციპალიტეტთან უნდა გაერთიანდეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წელს ამ შვიდმა ქალაქმა თვითმმართველობა იმიტომ მიიღო, რომ გაზრდილიყო მათი შემოსავლები, მოეზიდათ მეტი ინვესტიცია და გაზრდილიყო მოსახლეობის ჩართულობა, თუმცა ასე არ მოხდა.

7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

სწორედ ამიტომ გუშინ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ვეტოს დადება სთხოვა, თავად კი პარალელურად სამართლებრივ დავას გააგრძელებენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება #987-|| გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები, მოგმართავთ თხოვნით, ხელი არ მოაწეროთ კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოთ პარლამენტს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესში დაირღვა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია შესაბამის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის სავალდებულო წესი.

"ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ მზაობას, საკითხის დეტალურად განსახილველად შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს," - ნათქვამია მიმართვაში.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტ ირმა პავლიაშვილის თქმით, ეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქების გაძლიერებას და დეცენტრალიზაციას არ გამოიწვევს, პირიქით.

"ვფიქრობთ, ეს პროცესი ასეთ ფორსირებულ რეჟიმში არ უნდა წარიმართოს. პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს და უკან დაუბრუნოს პარლამენტს. ჩვენ კი პარალელურად ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ეს ცვლილება, რომელსაც ახორციელებს მმართველი გუნდი, არ არის მიმართული იქითკენ, რომ გაძლიერდეს თვითმმართველობა, არამედ გარკვეულწილად შეიძლება განპირობებული იყოს საარჩევნო მანიპულირების ტექნოლოგიების გამოყენებით ან იმ მხრივ, რომ მეტი დეცენტრალიზაციის მაგივრად მივიღოთ ცეტრალური მართვა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პავლიაშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი, დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია პრეზიდენტმა თავიდანვე გამოხატა, არ არის გამორიცხული, მან ამ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს.

მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებენ სამოქალაქო სექტორის არგუმენტებს.

"ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბევრი რამე გვსმენია. ბევრი რამ აქ საყურადღებოა. პრეზიდენტი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. თუმცა დაველოდოთ კანონის გამოგზავნას. გავეცნობით, გავაანალიზებთ და ისე მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას.

"ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენ მხედველობაში მივიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტებს. შევხედავთ, რამდენად დასაბუთებულია მათი მსჯელობა და ამის მიხედვით ვიფიქრებთ," - უთხრა "რეზონანსს" ანა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ტრადიციულად, ვეტოს დასაძლევად ემზადებიან და არასამთავრობოების არგუმენტები უსამართლოდ მიაჩნიათ.

"ქალაქს არავინ აუქმებს, ისევე რჩება. მაგრამ აღარ იქნება ორი სტრუქტურა ერთ რაიონში, რომელთაგან ერთი სათემოს უვლიდა და მეორე - ქალაქს. პირიქით, მათი გაერთიანება არის მიზანშეწონილი. როცა ფეხზე დადგებიან და თავიანთი ბიუჯეტი ექნებათ, ეს სხვა საქმეა. ახლა კი ბიუჯეტის ფული მიდის და რომ გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ ტყუილუბრალოდ იხარჯება.

"მიგვაჩნია, რომ სწორად კეთდება. ამიტომ დავძლევთ ვეტოს, თუ დაადო პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა. ახლა რომ გვაყვედრიან, 3 წლის წინ ასე იყო საჭიროო, კი, ბატონო, იმ მომენტში ეს მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. ბოლოს და ბოლოს, მოვსინჯეთ. იმხელა სახსრებიც არ დახარჯულა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო. გამოცდილებამ, ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ პატარა რაიონში ორი მმართველობითი სტრუქტურა საჭირო არ არის," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×