"ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუება ბუნებრივია, ვინაიდან ის აშკარად არ ელოდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ "ქოცები" ასეთ ცვლილებებს მოახდენდნენ", - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ ვენეციის კომისია დადებით შეფასებას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ, ოპოზიციის აზრით, ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია, რაც დაადასტურა თავად ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაო. თქვენ როგორ შეაფასებდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებებს?
პეტრე მამრაძე: საქმე ის არის, რომ "ქოცებმა" თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან ვენეციის კომისიისაგან მიღებული საკმაოდ დადებითი დასკვნის შემდეგ მათ განახორციელეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ეხება არჩევნების სისტემას.
მათ დროში გადაწიეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რამაც აღაშფოთა ვენეციის კომისია და მისი თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია და ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ხდება.
ბუკიკიოს იმედგაცრუება ბუნებრივია, ვინაიდან ის აშკარად არ ელოდებოდა, რომ კომისიის დასკვნის შემდეგ "ქოცები" ასეთ ცვლილებებს, ფაქტობრივად, თაღლითობას ჩაიდენდნენ და ვენეციის კომისიის ადრე მიღებულ დადებით დასკვნას ამოეფარებოდნენ.
რატომ ჩაიდინეს "ქოცებმა" ასეთი რამ? რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ, თავის ჭკუაში, მოახდინონ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერება, შეინარჩუნონ აბსოლუტური საკონსტიტუციო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების დროსაც. ასევე, არ დაუშვან, რომ პრეზიდენტად არჩეულ იქნეს ვინმე სხვა, მათი მორჩილი კანდიდატურის გარდა.
"რ": თუმცა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ისიც განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია, ტექსტი კარგია, მაგრამ, მისი აზრით, პროექტი მიღებული უნდა იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმაცია მიიღოს.
პ.მ.: რაც შეეხება ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის შესწორებების ლეგიტიმურობას, აქ, რამდენადაც ვიცი, საქართველოს კანონმდებლობა დაცულია და ოპოზიციისგანაც არავის უთქვამს, რომ "ქოცების" ასეთ მოქმედებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"რ": მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესში მხოლოდ ხელისუფლების როლზე არ არის საუბარი და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო მათკენაა გადახრილი.
პ.მ.: საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისა და განხილვის პროცესში ოპოზიციამაც და პრეზიდენტმაც თავი შეირცხვინეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ მათ აინტერესებდათ არა მოქმედი კონსტიტუციის გაუმჯობესება, არამედ ხელისუფლებაში საკუთარი მოხვედრის შანსის გაზრდა.
შარშანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს არ უჭერს და არ ენდობა ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს. "ე.წ."-ს იმიტომ ვუწოდებ, რომ არც ერთი მათგანი პოლიტიკურ პარტიად ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. საქართველოში პოლიტიკური პარტიები ვერ შეიქმნა.
"რ": რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება შექმნილ ვითარებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და რა შეიძლება შეცვალოს უკვე ორი მოსმენით მიღებულ ტექსტში?
პ.მ.: არ მგონია, უმრავლესობამ შეცვალოს რაიმე არსებითი უკვე ორი მოსმენით მიღებულ ტექსტში. ეს რომ გააკეთონ, უარესად დაზარალდებიან, ვიდრე უკვე დაზარალდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ქოცები" უფრო იმიტაციას ეცდებიან, რომ ყოველნაირ კომპრომისზე მიდიოდნენ და მიდიან, მაგრამ ოპოზიციასთან შეუძლებელი გახდა კომპრომისი და ყველაფერი ოპოზიციის ბრალია. ამას იტყვიან.
"რ": შექმნილი ვითარება, თუნდაც ვენეციის კომისიის, როგორც ოპოზიცია ამბობს, იმედგაცრუება, როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე?
პ.მ.: ვენეციის კომისიის იმედგაცრუებას მოჰყვება მხოლოდ საქართველოს, როგორც დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყნის, იმიჯის შელახვა. პოსტსაბჭოთა სივრცეში არადემოკრატიული რეჟიმებია როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე ჩვენს მეზობლად და უცხოელები ამ ფონზე სამართლიანად უწოდებენ საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის ერთგვარ ოაზისს. მაგრამ ასეთი იმიჯის ყოველი შელახვა მას ზიანს აყენებს და ამცირებს.
ცხადია, ჯობია, ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც პირად კეთილდღეობაზე, გამდიდრებაზე და ძალაუფლებით ტკბობაზე კი არ იზრუნებს, არამედ ეროვნულ ინტერესებზე; მაგრამ ობიექტური პირობების გამო ჩვენ ასეთი ხელისუფლება არ გვყავს და შედეგიც აშკარაა.