(რეზონანსი) „გაზეთი „New York Post"-ი დონალდ ტრამპზე უჩვეულო სტატიას აქვეყნებს. სტატია მხოლოდ სამი სიტყვისგან შედგება: „შეჩერდი, მხოლოდ შეჩერდი". ინფორმაციას გამოცემა „The Hill"-ი აქვეყნებს.
გაზეთის სამსიტყვიანი გამოხმაურება ამერიკული ტელეარხის „MSNBC"-ის დილის გადაცემაში, წამყვანების მიერ პრეზიდენტის კრიტიკაზე ტრამპის რეაქციამ გამოიწვია.
დონალდ ტრამპმა „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე ორივე წამყვანი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. მედიის წარმომადგენლებს ტრამპმა „გიჟები დაბალი IQ-თი" და „ფსიქოპატები" უწოდა. დონალ ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ერთ-ერთ წამყვანს პლასტიკური ოპერაციის გამო, სახიდან სისხლიც კი სდიოდა.
დაახლოებით 1 თვის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს,რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „Twitter"-ს დიდ დროს უთმობს. ამის შესახებ გამოკითხვა, გამოცემა „Time"-მა ჩაატარა. რესპონდენტთა 59 % მიიჩნევს,რომ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ნაკლებად უნდა იაქტიუროს. 53 % კი ფიქრობს, რომ „Twitter"-ზე ტრამპის აქტიურობა მის იმიჯს დააზარალებს.გამოკითხულთა 51 % პრეზიდენტის „Tweet"-ებში ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს ხედავს.