რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) მსოფლიოს ლიდერები ჰელმუტ კოლს ემშვიდობებიან. ყოფილი კანცლერი, რომელმაც გერმანია გააერთიანა, 16 ივნისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამგლოვიარო ცერემონია ევროპარლამენტის შენობაში ევროკავშირის არსებობის ისტორიაში პირველად იმართება.გერმანიის ყოფილი კანცლერისთვის პატივის მისაგებად სტრასბურგში მსოფლიო ლიდერები და გავლენიანი პოლიტიკოსები ჩავიდნენ, მათ შორის არიან ბილ კლინტონი და დიმიტრი მედვედევი.

უპრეცედენტო ცერემონიის გამართვის ინიციატორი ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერია, რომელმაც ჰელმუტ კოლს გამოსამშვიდობებელ სიტყვაში „მისი მენტორი" უწოდა.

ორსაათიანი ცერემონიის დასრულების შემდეგ ჰელმუტ კოლს გერმანიაში, ქალაქ შპაიერში გადაასვენებენ, სადაც ყოფილ კანცლერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

87 წლის ჰელმუტ კოლი, ქალაქ ლიუდვიგსჰავენ-ამ-რაინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 2008 წლიდან კოლი ეტლით სარგებლობდა. ჰელმუტ კოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გლოვის ნიშნად ევროკომისიის შენობასთან დროშები დაუშვეს.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, ჰელმუტ კოლის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მნიშვნელობაზე საუბრობს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში. მისი სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1989 წელს გერმანიის გაერთიანებაში და 1992 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად ევროკავშირის შექმნაზე მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×