(რეზონანსი) ევროპაში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში აწუხებთ. რუმინეთსა და ბულგარეთში ტემპერატურული რეკორდი, პლიუს 44 გრადუსი დაფიქსირდა, არის მსხვერპლიც. სოფიაში 5 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გაუსაძლისი სიცხეების გამო, ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის კრიტიკული დონე გამოაცხადა.
მთავრობები მოსახლეობას სახლიდან გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ქუჩებში დამონტაჟდა სპეციალური გამაგრილებელი მოწყობილობები, გაიხსნა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებიც.
გაუსაძლისი სიცხეა საბერძნეთშიც. ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონში გუშინ 40 გრადუსს გადააჭარბა. უჩვეულოდ ცხელა ათენში, სადაც 44 გრადუსი ფიქსირდება. სიცხის გამო, დედაქალაქის დასუფთავების სამსახურმა 10-დღიანი გაფიცვა შეწყვიტა და ქუჩების ნაგვისგან გაწმენდა დაიწყო.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა საბერძნეთის მთელს ტერიტორიაზე მომდევნო კვირასაც არის მოსალოდნელი და ხელისუფლებას ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებენ.