(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ"-ის მიმართ მორიგი მოსაზრება „თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ამიერიდან იგი „სი-ენ-ენ"-ის ახალ ამბებს არა „ყალბს", არამედ „თაღლითურს" უწოდებს. ტრამპი აცხადებს, რომ მედია მუშაობს რესპუბლიკელების დარწმუნებაზე, რომ ქვეყნის პირველი პირი სოციალური ქსელებით არ უნდა სარგებლობდეს.
„გახსოვდეთ, რომ მე 2016 წელს გავიმარჯვე იმ ინტერვიუების და გამოსვლების წყალობით, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. მე უნდა მებრძოლა ყალბი ნიუსების წინააღმდეგ და მე გავიმარჯვე. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ გამარჯვებას", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლა არჩევნების პერიოდში დაიწყო, როცა მედიის დიდი ნაწილი, მხარს მის კონკურენტ კანდიდატს ჰილარი კლინტონს უჭერდა.ამერიკული მედიის უმეტესობა ტრამპს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდა. მედიის ვარაუდით, რუსული აგენტურა ამერიკულ არჩევნებზე ტრამპის სასარგებლოდ მუშაობდა.
27 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია,რომ „სი-ენ-ენ"-ის სამმა ჟურნალისტმა, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებებზე პასუხისმგებელმა რედაქტორმა, არხიდან წასვლის შესახებ განცხადებები მას შემდეგ დაწერეს, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის, ენტონი სკარამუჩის რუსულ ფონდთან კავშირებზე სტატია გამოქვეყნდა.
შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ რეპორტაჟის მომზადების დროს ჟურნალისტებმა დაარღვიეს ზოგიერთი სარედაქციო პროცედურა და მასალაში მხოლოდ ერთ ანონიმურ წყაროს დაეყრდნენ. არხს არ მიაჩნია, რომ მასალაში მოყვანილი ფაქტები ტყუილი იყო.