ლევან კიკნაძის ინფორმაციით, ქართველებს აიძულებენ, ჩაეწერონ აფხაზებად
ნინო ქეთელაური
03.07.2017

 "ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ გალის მოსახლეობა იძულებული გახდება, ან ჩაეწერონ აფხაზებად და იქაური პასპორტები აიღონ, ან წამოვიდნენ ჩვენსკენ. დღეის მდგომარეობით, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ," - აცხადებს აფაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

მისი თქმით, ფორმა 9-მ, რომლის საშუალებითაც გალელ ქართველებს ე.წ საზღვარზე მიმოსვლა ჰქონდათ, ძალა დაკარგა და ახლა ერთადერთი ბინადრობის დოკუმენტიღა რჩება, თუმცა არსებული ინფორმაციით, იმითაც აღარავის უშვებენ.

ლევან კიკნაძე: ეს სამხედრო წრთვნები არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი ატარებს მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამისად, მოსკოვი რასაც მოისურვებს და საჭიროდ ჩათვლის, იქ იმას აკეთებს.

მოსაზრება, რომ რუსეთი ამით ვიღაცას აშინებს, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ის ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მისი განკარგულების ქვეშაა და სულ არ აინტერესებს, რას ვიტყვით ჩვენ და როგორ.

"მთელი კვირა": თუმცა ქართული მხარისგან შესაბამისი რეაგირება ხომ აუცილებელია?

ლ.კ: რა თქმა უნდა. ქართული მხარის მხრიდან ამას პროტესტი უნდა მოჰყვეს, ისევე, როგორც შეფასებები ევროსტრუქტურებისგან. იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სამხეთ ოსეთის, საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა და იქ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენ გარეშე ჩატარებული წრთვნები დარღვევაა.

ასეც უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ამას არაფრად აღიქვამს რუსეთი და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოესურვება.

უფრო მეტიც, როგორც იცით, გალის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული, სადაც მესაზღვრეებისთვის მთელი კომპლექსებია აშენებული. ისინი იქ უკვე ღობავენ ტერიტორიებს და იქაურობას ისე განკარგავენ, არც არავის ეკითხებიან.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როდესაც გალის ქართველი მოსახლეობისთვის დროებითი ბინადრობის დოკუმენტების შეჩეჩება უნდათ და მათ აფხაზური ადმინისტრაცია სწორედ ამ დოკუმენტების აღებას აძალებს.

გამოდის, რომ, თუ მათ იქაური ბინადრობის მოწმობა არ აიღეს, მიწას ვერ იყიდიან და ვერც განკარგავენ, ხოლო რუსული ძალები იქ ისე მოიქცევიან, როგორც უნდათ.

"მ.კ": წრთვნები, იქაურთა შევიწროვება პირდაპირ იმ მიზანს ემსახურება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მხარეს რაც შეიძლება დააშორონ?

ლ.კ: დიახ, რა თქმა უნდა. ფაქტობრივად, გალელ ქართველებს აქეთ გადმოსვლის საშუალებაც კი აღარ აქვთ. იმ ყოფილმა ფორმა 9-მ რომლის საშუალებითაც ე.წ საზღვარზე მიმოსვლა ჰქონდათ, ძალა დაკარგა.

ერთადერთი ახლა არის ბინადრობის დოკუმენტი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იმითაც აღარ უშვებენ. გამოდის, რომ იქაურ მოსახლეობას ყველანაირ უფლებას უზღუდავენ.

ამბობენ იმასაც, რომ თითქოს ეს ყველაფერი იქაურმა ქართველებმა გააპროტესტეს, მაგრამ მოგონილი ამბავია, რომელი ქართველი გაბედავს იქ პროტესტს?!

"მ.თ": მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა და შევიწროვება თუ ასე გაგრძელდა, რა შედეგით დასრულდება?

ლ.კ: ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ გალის მოსახლეობა იძულებული გახდება, ან ჩაეწერონ აფხაზებად და იქაური პასპორტები აიღონ, ან წამოვიდნენ ჩვენსკენ. დღეის მდგომარეობით, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

მეტსაც გეტყვით, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლება ზუგდიდის რაიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ უწამლავს თხილის პლანტაციებს. იგივე გააკეთეს გალის მოსახლეობისთვის და შესაწამლი ხსნარი იქაც გააგზავნეს.

თუმცა, ჩემი წყაროს ინფორმაციით, შესაწამლი ხსნარი გალის მოსახლეობისთვის არ დაურიგებიათ. აფხაზურმა ადმინისტრაციამ არ მისცა მოსახლეობას საშუალება, რომ ის გამოეყენებინათ.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვინდა იქაური მოსახლეობის დახმარება, მაგრამ ამის საშუალებას აფხაზეთის ადმინისტრაცია არ იძლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×