ამირან სალუქვაძის ინფორმაციით, მათი მიზანი სახელმწიფოებისთვის ან ეკონომიკის სექტორებისთვის ზიანის მიყენებაა
ნინო ქეთელაური
03.07.2017

 "როგორც ბოლო თვეების ტენდენცია გვიჩვენებს, კიბერ შეტევის ინტენსივობა მოიმატებს. შესაძლოა, საქართველოც ასეთი შეტევის ობიექტად იქცეს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

ის აღნიშნავს, რომ თუ მაისის შემთხვევას გამოვრიცხავთ, დანარჩენ კიბერშეტევაში, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესები დავინახოთ და ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ კიბერ, ასევე საინფორმაციო შეტევის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება.

ამირან სალუქვაძე: ამჟამინდელი კიბერშეტევა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც მაისის თვეში განხორციელებული, როცა ე.წ. გამომძალველმა ვირუსებმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან სამიზნედ შერჩეული იყო ენერგოობიექტები და ბანკები. როგორც მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, ატომური ელექტროსადგურები აქვს და, მიუხედავად მათი დაცულობისა, არავინ იცის, რა ზიანის გამოწვევა შეუძლია მსგავს ვირუსებს. საბედნიეროდ, რაიმე სერიოზული გართულება არ ყოფილა. ამჟამინდელ შეტევას სერიოზული ფინანსური ზიანი არც საბანკო სტრუქტურებისთვის მიუყენებია.

"მთელი კვირა": რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ქმედება?

ა.ს: გააჩნია, ვინ დგას ამ შეტევის უკან. თუ შეტევა ცალკეული ფიზიკური პირების ან ჯგუფების მიერ განხორციელდა, შესაძლოა, პირად ანგარებაზე ან "სპორტულ" ინტერესზე ვიფიქროთ. თუ სახელმწიფოს ორგანიზებულია, მაშინ მიზანი კონკრეტული სახელმწიფოებისთვის ან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ზიანის მიყენებაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ კიბერშეტევას პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი აქვს.

"მ.კ": უკრაინა პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებს, შეიძლება ითქვას, რომ სხვა თავდასხმების უკანაც რუსეთი დგას?

ა.ს: დაბრალება რთული არაა, მთავარია დამტკიცება. ამ დღეებში პუტინს დაუსვეს ეს კითხვა, რაზეც მან უპასუხა, რომ რთული დასადგენია, ვინ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ კიებერშეტევის უკან.

მან ჰაკერები მხატვრებს შეადარა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მხატვარი დილით გაიღვიძებს და განწყობიდან გამომდინარე ნაწარმოებს ქმნის, ხოლო ჰაკერებიც ასევე დილით გაიღვიძებენ, ოღონდ ფიქრობენ, რა გააფუჭონო.

ამ პასუხით პუტინმა ბრალდებას უპასუხა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, ან თუ ჰაკერი კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელია, ისინი თავისუფალი ხალხია და არავის ემორჩილებიანო. დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი იყო.

დანამდვილებით და ფაქტებით რუსეთის ბრალეულობა ვერ მტკიცდება. ცოტა ხნის წინ სი-ენ-ენს რუსეთის გამო ბოდიშის მოხდა და გამოქვეყნებული მასალების აღება მოუწია. მოკლედ, რუსეთს ჯერ ოფიციალურად ბრალი ვერავინ დაუმტკიცა.

თუმცა სამიზნე ქვეყნების ან ობიექტების მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომელი ქვეყნის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ესა თუ ის კიბერშეტევა.

"მ.კ": რამდენად მოსალოდნელია, რომ კიბერთავდასხმების მასშტაბები გაიზარდოს და სხვა ქვეყნებზეც განხორციელდეს, მათ შორის საქართველოზეც?

ა.ს: როგორც ბოლო თვეების ტენდენცია გვიჩვენებს, კიბერ შეტევის ინტენსივობა მოიმატებს. რა თქმა უნდა, საქართველოც, შესაძლოა, ასეთი შეტევის ობიექტად იქცეს.

კიბერშეტევა სახელმწიფოს მიმართ აგრესიად არის მიჩნეული. თუ მაისის კიბერშეტევას გამოვრიცხავთ, დანარჩენში, შეგვიძლია, პოლიტიკური ინტერესები დავინახოთ. ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ კიბერ, ასევე საინფორმაციო შეტევის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×