"ზოგადად, განცდა მრჩება, რომ ზოგიერთი პარტიის მიზანი იყო, კონსენსუსი არ შემდგარიყო, ამ პირობებში კი ძალიან რთულია შეთანხმება. როდესაც მეორე მხარის თვითმიზანია, რომ არ შედგეს შეთანხმება, შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შენიშვნებსა და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე "მთელი კვირა" თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.
თამარ ჩუგოშვილი: ზოგადად, ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან დადებითი და პოზიტიური შეფასება აქვს.
ჯანი ბუკიკიოს შენიშვნები გამოიწვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღის გადავადებამ 2020 წლიდან 2024 წლამდე, რაც გასაგებია, იმიტომ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფს უფრო წარმომადგენლობით პარლამენტს.
მაგრამ იცით, რომ ეს გადავადება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა, კერძოდ იმან, რომ დეპუტატების ნაწილი არ იყო ახლავე ამ სისტემის ამოქმედების მომხრე.
"მთელი კვირა": ცოტა ხნის წინ ირწმუნებოდით, რომ ამასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიწევა შესაძლებელია.
თ.ჩ: უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა დაგვთანხმდა იმ პირობით, რომ ეს მოხდება 2024 წლიდან. ეს შეთანხმება იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან სხვა შემთხვევაში ცვლილებები სათანადო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, 2024 წლამდე გადაიდოს.
მე პირადად მერჩივნა, ეს 2020 წელს მომხდარიყო, თუმცა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, 115 სხვა დეპუტატიცაა უმრავლესობაში, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ, რომ ძალაში შევიდეს.
ამ გადავადებით გამოწვეული იმედგაცრუება მესმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ცვლილებები თავისი არსით არის პოზიტიური და სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამის მხადაჭერა. 2 მოსმენით ვუყარეთ კენჭი და იმედი მაქვს, მესამე მოსმენაზეც სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ.
მანამდე კი თუ გამოჩნდება რამე სფეროები, რაშიც შეიძლება უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში, საგარეო იმიჯისთვის. თუმცა ვნახოთ. მოლაპარაკების საკითხია, ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია და გამიჭირდება რამე კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი.
"მ.კ": ბუკიკიოს ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ ამას ეხებოდა და ვინ შეუშალა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევას?
თ.ჩ: მე, ზოგადად, იმის განცდა მრჩება, რომ ზოგიერთი პარტიის მიზანი იყო, კონსენსუსი არ შემდგარიყო, ამ პირობებში კი ძალიან რთულია შეთანხმება. როდესაც მეორე მხარის თვითმიზანია, რომ არ შედგეს შეთანხმება, შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა.
ჩვენ, ფაქტობრივად, უმრავლესობის პირობებში მოგვიწია კენჭისყრა, მაგრამ თუ ეს დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან არის შეცვლილი და არის მზაობა, გარკვეული შეთანხმებები მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის.
იმისთვის, რომ კონსენსუსი შემდგარიყო, ჩვენ ბევრი რამ დავთმეთ. პირველ რიგში, გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა.
ასევე მზად ვართ, მოლაპარაკება გავაგრძელოთ, მაგრამ მეორე მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა. თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ შეთანხმება ვერ შედგეს.
"მ.კ": ანუ უმრავლესობა მეტ დათმობაზე წასვლას აღარ აპირებს?
თ.ჩ: არ ვიცი, ოპოზიციის პირობები რა არის. რას ითხოვენ ამ შეთანხმებისთვის, ამაზე საუბარი ჯერ არ გვქონია. თუ რამე კონკრეტული შეთავაზებები იქნება, ამ შეთავაზების განსახილველად მზად ვართ.
"მ.კ": ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტმა, შესაძლოა, ვეტოს უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენოს. საუბარია თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებაზე. აპირებს თუ არა უმრავლესობა ამის გათვალისწინებას, თუ, ტრადიციულად, ვეტოს დაძლევას შეეცდება?
თ.ჩ: ზოგადად, ვეტო არის მექანიზმი, რომელსაც პრეზიდენტები იყენებენ გამონაკლის შემთხვევაში. ზოგჯერ მთელი პრეზიდენტობის ვადა ევროპულ ქვეყნებში გადის ისე, რომ ქვეყნის პირველ პირს არც ერთხელ არ უწევს ვეტოს უფლების გამოყენება.
ჩვენს ქვეყანაში კი ამან სრულიად არაჯანსაღი ფორმა მიიღო. თითქმის ყველა კანონზე გამოიყენება, რომელზეც არის გარკვეული დისკუსიები საზოგადოებაში. ახლა რას იზამს პრეზიდენტი, არ ვიცი. ფორმალურად, ამის უფლება აქვს და შეუძლია, ვეტო დაადოს, თუმცა მგონია, რომ სწორად არ იყენებს თავის უფლებამოსილებას.
"მ.კ": ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში და რა მოლოდინი გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?
თ.ჩ: მე მგონი, არ გეგმავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში აქტიურად ჩართვას. კალაძეს რაც შეეხება, ძალიან ძლიერი კანდიდატია და, მე მგონი, ვერავინ შეძლებს, მას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.