"ქართული ოცნება" მე-5 არჩევნების ჩასატარებლად სტარტს იღებს და პირველად რჩება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
"ოცნების" ლიდერები უკვე ადასტურებენ, რომ ექსპრემიერი ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება და მისი გვერდით დგომის გარეშე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის, თუმცა რადგანაც "ოცნება" ყველასთვის ივანიშვილთან ასოცირდება, პარტიის წევრებს მისი ავტორიტეტის დიდი იმედი აქვთ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ "ოცნება" ივანიშვილის გარეშე არაფერია და თუკი ამომრჩეველს აღქმა ექნება, რომ იგი საკუთარი პარტიისგან დისტანცირებულია, ეს "ოცნებას" ძალიან დიდ პრობლემებს გაუჩენს.
"თუ ივანიშვილმა ეს პროცესი მიატოვა, არა თუ კალაძე, არამედ მთელი ხელისუფლება ძალიან მოკლე ვადაში დაიშლება. კალაძე აიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც მას ბიძინა ივანიშვილის რესურსი მოუტანს, ერთ ხმას ვერ მიუმატებს საკუთარს. ეს სავსებით ცხადია და საკამათო არ არის", - ამბობს ხუხაშვილი.
შაბათს მთაწმინდის პარკში "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული პარტიის დიდ თავყრილობას და ასევე მისი ერთ-ერთი ფავორიტის კანდიდატად დასახელებას არ დასწრებია მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მოსაწვევი ექსპრემიერს, რა თქმა უნდა, გაეგზავნებოდა.
ამ შეკრებაზე არც ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მაშინ, როდესაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ჩნდებოდა ის "ოცნების" დიდ შეკრებებზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერებს კალაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა და სიტყვით გამოსვლისას არც კვირიკაშვილს და არც კალაძეს ქვეყნის "პირველი მოქალაქე" - ივანიშვილი არ უხსენებია.
კვირიკაშვილმა მხოლოდ კალაძეზე ისაუბრა. თქვა, რომ ის იქნება თბილისის ყველაზე გამორჩეული, წარმატებული მერი, რადგან სადაც იყო კახი კალაძე, ყოველთვის იყო გამარჯვება და წარმატება.
"ოცნებამ" თბილისში ნარმანიას შეცვლასთან ერთად სლოგანიც გამოცვალა და თუკი ნარმანიას დროს მილიონი ხე იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება, ახლა დაპირებაა თბილისის ევროპული ტიპის, ჯანსაღ და თანამედროვე ქალაქად ქცევა, სლოგანი კი არის "ჩვენი ოცნების თბილისი."
კალაძე მხოლოდ ზოგადი დაპირებით შემოიფარგლა, თუმცა შეკრებილ მხარდამჭერებს აღუთქვა, რომ კონკრეტულ მიზნებსა და გეგმას, რის განხორციელებასაც მერობისას აპირებს, ძალიან მალე დეტალურად გააცნობს ყველას.
მან ვრცელ სიტყვაში "ოცნების" გუნდს და კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა ნარმანიას, ვინც "დედაქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა", ახსენა, რომ წინა ხელისუფლების "უკანონობა" და "ძალადობა" დაამარცხეს გუნდურობით, ივანიშვილზე კი ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
რატომ არ ერთვება ივანიშვილი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში - თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენისას ჟურნალისტების დიდი ნაწილის მთავარი ინტერესი სწორედ ამას შეეხებოდა.
"ოცნების" ლიდერები ადასტურებენ, რომ ივანიშვილი ამჯერად საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება, რადგან "ქართულ ოცნებას" არ უჭირს და ისედაც ყველამ იცის, რომ "ოცნების" უკან ივანიშვილი დგას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი რომ მათი გუნდის წევრია, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს და ამაში გასაკვირი არაფერია. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის ჩაურთველობა არჩევნების შედეგზე არ აისახება - "ვინც "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერდა, ის ისევ დაუჭერს."
აკაკი ზოიძის თქმით, "ბატონმა ბიძინამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და, დეპუტატის აზრით, "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელსაც უნარი შესწევს, ეს კამპანია ღირსეულად წარმართოს.
ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და დღეს "ქართულ ოცნებას" ისე არ უჭირს, რომ იგი აქტიურად ჩაებას საარჩევნო კამპანიაში.
დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა ამ არჩევნებზე აქტიური ექსპრემიერი, რადგან "მისი ფაქტორი არსებობს. სულ რომ არ ამოიღოს ხმა, მისი სახელი "ოცნებასთანაა" ასოცირებული, რაც ყოველთვის ძალიან დადებითად იმოქმედებს."
გია ხუხაშვილის თქმით, "ოცნების" "ამაყი" განცხადებების მიუხედავად, რომ პროცესს ივანიშვილის გარეშე გაართმევენ თავს, ექსპრემიერის ჩაურთველობა მათ აღელვებთ, რადგან იციან, თუ ამომრჩეველს გაუჩნდება განცდა, რომ ივანიშვილი მათ ზურგს აღარ უმაგრებს, დიდი პრობლემები შეექმნებათ.
"ოცნების" ელიტა დღემდე მთლიანად ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტობს. ამ ადამიანებს თავისი არაფერი შეუქმნიათ. ამიტომაც, თუ ამომრჩეველმა დაიჯერა, რომ ივანიშვილის გარეშე მართავენ ისინი ქვეყანას და აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ამ შემთხვევაში მათი საქმე ძალიან ცუდად წავა. ხოლო თუ იქ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ ივანიშვილის გარეშე რამეს წარმოადგენენ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ ამ ხალხს ინტელექტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს," - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ივანიშვილი მონაწილეობს თუ არა პროცესში, ინერციით მაინც მისი ნიშნით, მისი ფაქტორით მიდის ყველაფერი და ეს არის ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას ამყარებს. ამბობს, რომ აშკარაა, ივანიშვილი დღეს მართვისგან გარკვეულწილად დისტანცირებულია, რაც ეტყობა კიდეც მართვას, რადგან ხელისუფლებაში სრული ქაოსია.
ამიტომაც მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ივანიშვილი ცოტა ხნით ფორმალურ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს, რადგან ის არის ამ ადამიანებზე პასუხისმგებელი. ახლა თუ არ დაბრუნდება, დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება და შეიძლება სახელმწიფოებრივ რყევაშიც გადაიზარდოს.
"ალბათობა იმისა, რომ კალაძე პირველ ტურში ვერ მოიგებს, საკმაოდ მაღალია. ივანიშვილის გარეშე კალაძე ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ის ამ პროცესს არ მიატოვებს. თუ მან ეს პროცესი მიატოვა, არა თუ კალაძე, არამედ მთელი ხელისუფლება ძალიან მოკლე ვადაში დაიშლება," - დასძენს ხუხაშვილი.