(რეზონანსი) ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. თბილისის მერიაში ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მერიის შენობასთან დაზარალებულები ჯერჯერობით არ მისულან.
ნახანძრალ ადგილას სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა.მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც ნივთები დაზღვეული ჰქონდათ, ზარალი აუნაზღაურდებათ დაზღვევის პირობების შესაბამისად. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 10 მოვაჭრეა.
„აღნიშნული შენობა, როგორც კონსტრუქციული ელემენტები, ასევე შიდა მოპირკეთება დაზღვეულია. ასევე დაზღვეულია ბიზნესსუბიექტებიც,რომლებსაც დაზღვეული ჰქონდათ ბიზნესის შეფერხებაც" , - აცხადებენ სადაზღვევო კომპანიაში.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.