ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" დღემდე ვერ შეძლო, გამიჯნოდა ივანიშვილს
თიკო ოსმანოვა
04.07.2017

 "ქართული ოცნება" არამარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა რეგიონში მოიგებს არჩევნებს დიდი უპირატესობით, რაც შეიძლება იმაზე ცუდი აღმოჩნდეს შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ვახტანგ ძაბირაძე: როგორც ჩანს, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ შოკიდან, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განიცადა. არც კონფიგურაცია შეცვლილა და არც რამე სიახლე გაჩენილა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიმზიდველი იქნებოდა.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ "ქართული ოცნება" მიაღწევს უპირობო წარმატებას. აქ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მეორე ტური.

დანარჩენი გადაწყვეტილია, "ქართული ოცნება" არა მარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა რეგიონში მოიგებს არჩევნებს დიდი უპირატესობით, რაც შეიძლება იმაზე ცუდი აღმოჩნდეს შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა. ყოველ შემთხვევაში, რეალობა ასეთია და ამას ალბათ ვერ შევცვლით.

მეორე ტურის მოლოდინი მაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ამომრჩეველი ალბათ არ მივა არჩევნებზე. დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" და, საერთოდ, პოლიტიკური სპექტრი ვერ შეძლებენ, რომ ამომრჩეველი მიიყვანონ არჩევნებზე.

"რ": დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აღარ ჩაერთვება და ეს არ იმოქმედებს "ოცნების" რეიტინგზე?

ვ.ძ: "ქართული ოცნება" მაინც ასოცირდება ივანიშვილთან და არა სხვასთან. ვერც "ოცნებამ" ვერ შეძლო, დღემდე რაღაცნაირად გამიჯნოდა ივანიშვილს. ვერც ისეთი ლიდერები შესთავაზეს, რომელზეც მეტ-ნაკლებად ვიფიქრებდით, რომ დამოუკიდებელი მმართველები არიან.

ასეთი რეალობაა. მიუხედავად იმისა, საჯარო გამოსვლებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს არჩევნების შედეგებზე დიდად არ იმოქმედებს.

უკეთესი იქნება, თუ ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში არ მიიღებს მონაწილეობას როგორც ქვეყნისთვის, ისე მმართველი პარტიისთვის, იქნებ ნელ-ნელა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრის დისტანცირება ამისგან.

ასეთი ფორმით ყოფნა პოლიტიკაში, როგორც დღეს ივანიშვილია, არც მისთვისაა მომგებიანი და არც ქვეყნისთვის.

"რ": პოლიტოლოგთა ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილს მობეზრდა "ქართული ოცნების" თრევა და მისგან დისტანცირებას გეგმავს. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ვ.ძ: ფორმალურად, ასე ჩანს. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცნობიერებაში ივანიშვილია ისევ "ქართული ოცნება." ესაა მთავარი პრობლემა, ხალხის ცნობიერებაში ისევ ივანიშვილია.

ახლა იგი ყოველ წუთს ერევა თუ არ ერევა პოლიტიკურ საქმიანობაში, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ისე, გუნდიდან ვინც უნდა დასახელდეს, მას მაინც თან სდევს ივანიშვილის აჩრდილი.

"ქართული ოცნება" დღესაც ასოცირდება ივანიშვილთან. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ რამე გადაწყვეტილებას იღებენ, იღებს ივანიშვილი. ეს რამდენად შესაბამება რეალობას, მნიშვნელობა არ აქვს.

როდესაც მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მხოლოდ ხეების გადარგვით არის დაკავებული, მაშინ ყოველდღე რომ რეკოს მან და ჩაერიოს, მაინც ვერ მოახდენს გავლენას პოლიტიკაზე.

"რ": რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იყო ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება, რაშიც ხელისუფლებამ ოპოზიცია დაადანაშაულა. თქვენი აზრით, ვინ შეუშალა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევას?

ვ.ძ: ოდესმე სხვაგვარი კონსტიტუცია მიგვიღია?! რა კონსტიტუციაც მივიღეთ, ყველა, ფაქტობრივად, იყო ერთპარტიული. იმიტომ, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, მისთვის მორგებული ყოფილიყო საკონსტიტუციო ცვლილებები და არა ქვეყნისთვის. ასე მოხდა ამჯერადაც, პოლიტიკურ რეალობაში არაფერი შეცვლილა.

"რ": და ეს ქვეყნის იმიჯზე არ იმოქმედებს უარყოფითად?

ვ.ძ: ვენეციის კომისიის განცხადებას საგარეო პოლიტიკაში კატასტროფული შედეგი არ მოჰყვება. ბუნებრივია, ცუდია, თუმცა ქვეყნის ზოგად იმიჯს იმდენად ვერ დააზარალებს, რომ ამან გავლენა იქიონიოს ჩვენს ურთიერთობაზე ევროკავშირთან, ამერიკასთან ან ნატოსთან.

წინა კონსტიტუციაც 2010 წელს ვენეციის კომისიის იგნორირებით იქნა მიღებული, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი და ევროკავშირთან ასიცირების ხელმომწერნი გავხდით. ნატოს რაც შეეხება, იქ სხვა ფაქტორები მუშაობს და არა ვენეციის კომისია.

პრობლემა სხვა რამეა - დასავლეთთან ურთიერთობა კი არა, ქვეყნის განვითარებაზეა საუბარი, ეს შიდა პრობლემებს წარმოქმნის. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×