საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ "ციანიდის საქმე" არის ქართული ეკლესიის მტრების მიერ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის დადგმული სპექტაკლი და მეუფე პეტრეს შემდეგ ის მეორე ადამიანია საპატრიარქოში, ვინც მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არც პატრიარქს კლავდა, არც შორენა თეთრუაშვილს და მას ციანიდი საერთოდ არც ჰქონდა.
ანდრიაძის თქმით, მისი ეს განცხადება საპატრიარქოში სწყინთ თეთრუაშვილს, მეუფე იაკობს და სხვებს, მაგრამ თვლის, რომ თავად მართალია: მალე გამართლდება მამა გიორგი მამალაძეც, რის შემდეგადაც საპატრიარქოს ადმინისტრაცია დამარცხებული და დისკრედიტირებული, მეუფე პეტრე კი პირწმინდად გამარჯვებული გამოვა, როგორც სიმართლისთვის მებრძოლი და რომ "ციანიდს სკანდალი" როგორც უნდა დასრულდეს, ეკლესიის რეიტინგი უკვე განახევრებულია და ის შელახულ იმიჯს ვერ აღიდგენს.
მის ამ განცხადებაზე საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებს. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ციანიდის საქმის" დასრულებამდე ადმინისტრაცია რამე სახის განცხადებებისაგან თავს იკავებს.
თავად მამა გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ანდრიაძეს განცხადების იმ ნაწილში ეთანხმება, რომ "ციანიდის საქმე" სპექტაკლია და დაპატიმრებული დეკანოზი აუცილებლად გამართლდება, რადგან მის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.
თუმცა სვამს კითხვას, საპატრიარქოში ახალი გეგმა ხომ არ შემუშავდა იმაზე, რომ მეუფე პეტრეზე გაჩნდეს ეჭვი.
"ანდრიაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მეუფე პეტრემ მოაწყო? ახლა სხვა აბსურდზე გავდივართ. რას ნიშნავს მეუფე პეტრემ მოაწყო? ახლა მიხვდნენ, რომ საქმე სპექტაკლია და დარწმუნდნენ, რომ გამამართლებელი გამოვა?! ეს იცით, რა მომენტია - ადამიანი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო ცემაო.
"მე მეუფის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ჯობია, მან გასცეს პასუხი", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თქვა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ოპერატიული სამსახურები უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, მაგრამ რატომღაც მის მიერ ციანიდის შესყიდვის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, ამიტომ თვლის, რომ "ციანიდის საქმე" სპექტაკლია, დეკანოზი არავის მკვლელობას არ გეგმავდა და ამ საქმის ფონზე განვითარებული მოვლენები საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.
"ენ-დი-აის" უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ქართული ეკლესიის რეიტინგი განახევრებულია, სამაგიეროდ, გაპიარებულია მეუფე პეტრე, როგორც "სიმართლისთვის მებრძოლი"-აი, ეს არის "ციანიდის საქმის" შედეგი.
"ვვარაუდობ, "ციანიდის საქმე" დეკანოზ მამალაძის გამართლებით დასრულდება, რის შედეგადაც მივიღებთ პირწმინდად გამარჯვებულ მეუფე პეტრეს და დამარცხებულ საპატრიარქოს ადმინისტრაციას", - აცხადებს ანდრიაძე.
როგორც ანდრიაძე "რეზონანსთან" ამბობს, ეკლესიის დისკრედიტაციაში ქვეყნის გარეთ არსებული დიდი ძალებია ჩართული, რომლებსაც ქართული მენტალობის მთლიანად შეცვლა, ლიბერალური მართლმადიდებლობის დამყარება სურთ და ეს პროცესი წლებია, მიმდინარეობს.
ამბობს, რომ ეკლესიის მტრებმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი გამოარჩიეს, რადგან მას "ლიბერალური მსოფლმხედველობა აქვს" და ეკლესიისგან განკვეთილ ბასილ კობახიძეს უჭერს მხარს.
თუმცა, საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავასგან განსხვავებით, არ თვლის იმას, რომ "ციანიდის საქმეში" მეუფე პეტრე შეიძლება ფიგურირებდეს, არც მეუფე იაკობის პოზიციას იზიარებს, რომ პატრიარქს კლავდნენ.
"აგერ არიან სამართალდამცველები, დაამტკიცონ დანაშაული და მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თუ მამალაძე ვინმეს კლავდა, ის მარტო ვერ იქნებოდა და მაშინ სხვებიც უნდა მიაყოლონ. ასევე ვიდეოში ჩანს, რომ ციანიდი უნდოდა ვიღაცისთვის, ვინც ტკბილს არ ჭამს, შორენა კი ძალიან კარგად მიირთმევს ტკბილს, ტკბილს არ ჭამს პატრიარქი, იმიტომ, რომ შაქარი აქვს.
"ასე რომ, ამ მონაცემით, მინიმუმ, 2 კაცი მაინც უნდა მოეკლა. ასევე ამას მამალაძე მარტო ვერ იზამდა და ან უნდა დაიჭირონ 7 კაცი, თავის პეტრეიანად, ან უნდა გამოუშვან მამალაძე. ძაან ლოგიკურია.
"ამ მთელი დისკრედიტაციული სცენარით ისეთი ადამიანი შეირჩა, მამალაძე, რომლის კვალი მიდიოდა მეუფე დიმიტრიმდე და ესაა პრობლემა, რომ ამ სპექტაკლით პატრიარქის ოჯახს მიაყენეს დარტყმა და გაუმწარეს ეს მეორმოცე საიუბილეო წელი.
"თან, ადვოკატებიც აცხადებენ, რომ ციანიდი დეკანოზს ჩაუდეს, მაგრამ პროკურატურას ხელს არ ადებენ. მე არ ვიცი, ვინ ჩაუდო, მაგრამ შესაძლებელია, რომ სამართალდამცველები თავად იყვნენ ამ სპექტაკლის მსხვერპლნი და ეს გარედან იყოს მოწყობილი", - მიიჩნევს ანდრიაძე.
მთავარ და მნიშვნელოვან ფაქტად კი მიაჩნია ის, რომ "ციანიდის საქმის" ფონზე განვითარდა ამ საქმესთან დაუკავშირებელი პრობლემები, ეკლესიის შიგნით არსებული პროცესები, როდესაც მეუფე პეტრემ ილაპარაკა მთელ რიგ საკითხებზე.
ამ საკითხზე პასუხის გასაცემად ის მეუფე პეტრეს და დეკანოზის ადვოკატებს პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს, რომ ყველა ბრალდებაზე პასუხი გასცეს, გაზეთით კი დეტალებზე საუბარი არ სურს.
ანდრიაძის თქმით, საპატრიარქოში მის ამ განცხადებას არ იზიარებენ, რადგან ეჭვი ეპარებათ დეკანოზის უდანაშაულობაში და ამის გამო შორენა თეთრუაშვილს და ბევრ სხვასაც მისი ამ განსხვავებული პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება სწყინთ.
"მეუფე პეტრე და მეუფე იაკობი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, ორივე მაღალი იერარქიის სასულიერო პირია და ორივეს ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები აქვს. მეც მაქვს ჩემი პოზიცია.
"მე მეუფე პეტრეს აზრზე არ ვარ, პირიქით, ვამბობ, რომ ეს სპექტაკლი არის მისი პიარისათვის, ოღონდ ჩვენ საერთო გვაქვს ის, რომ დეკანოზს ციანიდი არ ჰქონდა", - აღნიშნავს ანდრიაძე.