(რეზონანსი) სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 20-22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ-ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს მსგავს რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და შედეგები სახალხო დამცველს 20 დღის ვადაში წერილობით აცნობოს. კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებ¬ლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო მოხელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა" , - წერია უჩა ნანუაშვილის უწყების განცხადებაში.