(რეზონანსი) ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მისული აბიტურიენტი ამტკიცებს, რომ გამოცდის თარიღი პროგრამაში შეეცვალა, რის გამოც გამოცდაზე შესვლა ვერ შეძლო. ეს შემთხვევა გლდანის 173-ე საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა.
აბიტურიენტი ლევან შირიანცი „edu.aris.ge"-თან აცხადებს,რომ გამოცდების თარიღების დადებისთანავე ამობეჭდა საგამოცდო ბარათი, სადაც მისი თქმით, მითითებული იყო, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 4 ივლისს უნდა ჰქონოდა, თუმცა როდესაც ბლანკი საიტზე შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ თარიღი შეცვლილი იყო და გამოცდა არა 4-ში, არამედ 3 ივლისს დილის 08:00 საათზე ჰქონდა დანიშნული.
„საგამოცდო ცენტრშიც მივედი და ჩემი პრობლემის შესახებ განვაცხადე, რაზეც მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა, რომელსაც განიხილავდნენ. განცხადების აზრს ვერ ვხედავ, ამიტომ არ დავწერე. რა თქმა უნდა, ამ შეცდომას არავინ აღიარებს და არ იტყვიან რომ თარიღი შემეცვალა. მაგრამ ფაქტია, საგამოცდო ბლანკში 3 ივლისის მაგივრად 4 მიწერია. საიტზე კი ახლა 3 ივლისს მიჩვენებს", - აცხადებს აბიტურიენტი.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დაადასტურა, რომ აპლიკანტი გუშინ საგამოცდო ცენტრში მისული ნამდვილად იყო. მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტის საქციელი თაღლითობაა და მან თარიღი თავად გადააკეთა.
„არ ვიცი, გუშინ რა მიზეზით ვერ მივიდა გამოცდაზე, დააგვიანდა თუ რა მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავისი ჭკუით, ალტერნატიული გზა გამონახა. ის ფურცელი რომ ნახოთ, დილეტანტიც კი მიხვდება, რომ გადაკეთებულია. რა თქმა უნდა, შემეცოდა, ყველაფერი ხდება, აღმოჩნდა რომ გამოცდა გამოეპარა, მაგრამ როცა ასე გექცევიან, ეს თაღლითობაა და მეტი არაფერი ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.