პაატა ლომაძე: "ჩვენი მთავარი ამოცანაა, უმოკლეს ვადაში შევაფასოთ ზარალის მოცულობა"
რეზონანსი
04.07.2017

 სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" იწყებს ელიავას ავტობაზრობაზე 2 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის დარეგულირების პროცესს. "ჯიპიაი ჰოლდინგში" დაზღვეული იყო თავად შენობა (კონსტრუქციული ნაწილი და შიდა მოპირკეთება), ხოლო რამდენიმე ათეულ მეწარმეს დაზღვეული ჰქონდა მარაგი და ინვენტარი. განაცხადების მიღება დაწყებულია, ხოლო "ჯიპიაის" ანაზღაურების ჯგუფი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რათა ოპერატიულად მოხდეს ზარალის შეფასება და ანაზღაურების გაცემა.

პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: "ჩვენი მთავარი ამოცანაა, უმოკლეს ვადაში შევაფასოთ ზარალის მოცულობა. ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საგამოძიებო და სახელმწიფო უწყებებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ანაზღაურების გასაცემად დაგვჭირდება".

შენობაში განთავსებული მეწარმეების უმეტესობა ჩართული იყო მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამაში, რომელიც "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 2017 წლის თებერვალში ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის კვალდაკვალ გამოაცხადა და მეწარმეებს ქონებისა და მარაგის დაზღვევის 50 000-ლარიანი პოლისის 50%-იანი თანადაფინანსება შესთავაზა.

"ეს ერთგვარი სოციალური პროექტიც არის, რომელიც ახლაც მოქმედებს: ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ სპეციალური პროდუქტი, რომელიც სწორედ ამ სეგმენტზეა გათვლილი, არამედ ასევე მობილური ჯგუფები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთნენ და აქტიურად მუშაობდნენ მეწარმეებთან. დაზღვეულების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა ამ პერიოდში, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია იმისთვის, რომ ვისაუბროთ მასშტაბურ სოციალურ გარანტიაზე, რასაც დაზღვევით მიიღებდნენ მსგავს შემთხვევაში. ჩვენი აზრით, აუცილებელია სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა სადაზღვევო სისტემით მაქსიმალურად მოვიცვათ მცირე და საშუალო მეწარმეები", - განაცხადა პაატა ლომაძემ.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ შემოთავაზებული ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამა, რომელიც თებერვალში ამოქმედდა, ითვალისწინებს ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევას მარაგის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით ისეთი რისკებისგან როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, კომუნალური სისტემების დაზიანება, მოკლე ჩართვით დანადგარებისა და ტექნიკის დაზიანება და ა.შ. ანაზღაურების ლიმიტი 50 000 ლარია.

ანაზღაურდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისხმობს დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდის განმავლობაში. "ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად დააფინანსებს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემიაა დაწესებული, რაც თვეში მხოლოდ 15 ლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×