(რეზონანსი) 4 ივლისი მთელ საქართველოში სეზონის ყველაზე ცხელი დღეა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ტემპერატურის რეკორდი დასავლეთ საქართველოში, +42 გრადუსი იქნება.
„ყველაზე მაღალი ტემპერატურა +42ºС, კოლხეთის დაბლობში იქნება. ზოგადად, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 34-39ºС, აღმოსავლეთ საქართველოში კი 35-40 გრადუსამდე აიწევს. თბილისში 39ºC-მდე სიცხეა მოსალოდნელი. დღეს არის ყველაზე ცხელი ამინდი ამ სეზონზე , - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ნინო წვერავა.
დღეს ზაფხულის ცხელი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობას რჩევები მისცა. ექიმების თქმით, ამ პერიოდში იზრდება მწვავე დიარეის რიცხვი. რეგისტრირებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების გაძლიერებასთან. ცენტრი პაციენტებს თვითმკურნალობას უკრძალავს.
მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.განსაკუთრებული სიფრთხილისკენ სამინისტრო მცირეწლოვანთა მშობლებს და 60 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს. ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას ურჩევს, რომ სახლიდან არ გავიდნენ და დიდი რაოდენობით სითხე მიიღონ.
სამინისტროს რჩევით, მნიშვნელოვაია ოთახის ტემპერატურის მუდმივი კონტროლი. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +32 გრადუსს, ხოლო ღამით +24 გრადუსს.
საქართველოში განსაკუთრებით ცხელი ამინდების გამო, შრომის პირობების საკითხი აქტუალური გახდა.საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აცხადებს,რომ რეგულაციებით, +32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დასაშვები და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში.
პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები დამსაქმებლებს რეგლამენტის დაცვისკენ და თანამშრომლების ჯანრმთელობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.
უახლოეს დღეებში ტემპერატურის შემცირება და შედარებით აგრილებაა მოსალოდნელი.პროგნოზის მიხედვით, 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიკლებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, საღამოს აგრილდება, აჭარაში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი იქნება.დღის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმსაც ელოდებიან.