რეზონანსი
04.07.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხოელი ვიზიტორების ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს. ტურისტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოს საზღვარზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს.

საპოლიციო უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება. შსს-ს განცხადებით, თუ სტუმრის პასუხები დამაჯერებელი არ არის, მესაზღვრე-კონტროლიორს უფლება აქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრას.

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროსაც.გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ივნისში, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა," - ნათქვამია განცხადებაში.

ინდოელი ბიზნესმენის, აკბარ ქუშერის განცხადებით, ის საზღვრიდან უკან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუშვეს. ასევე ინდოეთის მოქალაქე,ხუშბუ კაუშალი მესაზღვრეების მიერ უხეშ მოპყრობაზე საუბრობს. ინდოელი ქალი აღნიშნავს, რომ აეროპორტში ყოფნის პერიოდში მას მესაზღვრეები შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად უყვიროდნენ.

კაუშალი, რომელიც საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოდიოდა, წერილით ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ის სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს თუ როგორ გააჩერეს აეროპორტში და როგორ ალოდინეს თითქმის 9 საათი, ვიდრე უკან გაამგზავრებდნენ.

„ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საშიში და ცუდი 9 საათი, რომელიც თქვენს ქვეყანაში გავატარე" - წერს ხუშბუ კაუშალი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველში ჩასული ინდოელი ტურისტების 90 პროცენტს უკან აბრუნებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×