(რეზონანსი) საქართველოს მთავრობამ 21 ივნისს, ძალადაკარგულად გამოაცხადა განკარგულება, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნა.ამ კომისიის თავმჯდომარე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. განცხადებაში სამთავრობო კომისიის გაუქმების მიზეზი მითითებული არ არის.
ილია მეორის აღსაყდრების დღესასწაული წელს, 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო. კომისიის შექმნიდან მეორე დღეს, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ზეიმი გაუქმდა.
„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი", - აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.