(რეზონანსი)საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართლში, სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ადასტურებს.ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ მცოცავი ოკუპაციის ფაქტები გასულ თვეშიც დააფიქსირეს.
სოფელ ბერშუეთის მახლობლად მწვანე ბანერის აღმართვის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიღებისთანავე, ევროკავშირის მისიამ ადგილზე დამკვირვებლები გაგზავნა.
„ნებისმიერი ფორმის ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს საკუთარი მიწის დამუშავების უფლებას ართმევს" , - ნათქვამია დამკვირვებლების განცხადებაში.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ ბრიუსელში ისაუბრებს.ზურაბ აბაშიძე და დავით დონდუა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ზურაბ აბაშიძე, ბრიუსელიდან პრაღაში გაემგზავრება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრისას ბორდერიზაციის პროცესი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.
„ჩვენ მარტო 500 მეტრს არ ვედავებით და 200 მეტრს, ჩვენ რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი და ადრე თუ გვიან მე იმედი მაქვს, რომ მოვაგვარებთ" , - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გუშინ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს.გორის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე.წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის მკვიდრის, გია ხოდელის ბაღში დაამონტაჟეს. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.
სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.