(რეზონანსი) სოფელ ზემო არცევში, რომელიც ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, მაია კობალაძე სოფლიდან გასვლას, პასპორტის გამო ვერ ახერხებს. ამის შესახებ ცხინვალელი ჟურნალისტი, მარია კოტაევა წერს.
მისი ინფორმაციით, გოგონა უკვე 8 თვის ფეხმძიმეა, აგვისტოში კი ცხინვალის სამშობიარო სახლში მისვლას ვერ მოახერხებს. ამის შესახებ შიდა ქართლის ადგილობროვი სააგენტო წერს.
ჟურნალისტის თქმით, მაია კობალაძეს (სახელი და გვარი შეცვლილია) საქართველოს პასპორტი აქვს. მისმა მეუღლემ ცხინვალში საბუთები წარადგინა, თუმცა, საპასპორტო განყოფილებაში უთხრეს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მისაღებად, საპასპორტოში უშუალოდ მაიას მისვლაა საჭირო. მაია ვერც ცხინვალში მიდის, რადგან ის შეიძლება დაიჭირონ და „დეპორტაცია" გაუკეთონ, ვერც მავთულხლართებს გადალახავს გორის მუნიციპალიტეტისკენ.
მაია კობალაძეს ზემო არცევში დეიდაშვილები ჰყავს. ის მავთულხლართების მიღმა გადაპარვას სისტემატურად ახერხებდა და ნათესავებს ნახულობდა. ცხინვალელი ჟურნალისტი წერს, რომ ახალგაზრდა გოგონა ამას იმ პერიოდში ახერხებდა, როდესაც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მორიგეობა გამკაცრებული არ იყო.
„ასეთი ვიზიტის დროს მაიამ არცეველი ვაჟი გაიცნო, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ" , - აცხადებს ჟურნალისტი. მარია კოტაევა ამბობს, რომ ბიჭიკანთ უბანში გოგონამ მშობლები და და-ძმა მიატოვა.
ბიჭიკანთ უბანი არცევთან ახლოს მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე არცევის ნაწილს და სხვა დანარჩენ სოფლებს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.
2009 წლიდან,ცხინვალის მთავრობამ გამყოფი ხაზის მონიშვნები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკების მიხედვით დაიწყო და მავთულხლართები გააბა. ბიჭიკანთ უბანი არცევის მიღმა აღმოჩნდა.
სოფელ არცევის წარმომადგენელი, მურატ ყაზიევი ამბობს, რომ მაია კობალაძე ერთადერთი არაა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პასპორტით ცხოვრობს. მისი თქმით, ასეთი დაახლოებით 20 ადამიანია. ცხინვალის მთავრობა მათ პასპორტებს არ აძლევს, რადგან დაბადების მოწმობებში დაბადების ადგილად ცხინვალი არ უწერიათ.