(რეზონანსი)პარლამენტის თავმჯდომარემ, „რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „გუშინ 1 საათი დავკარგე პრეზიდენტის მოსმენით".
ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დებატების ფორმატში განხილვის შესახებაც ისაუბრა. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ღია ეთერში საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მზად არის.
„დავრწმუნდი, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს ღია ეთერში მონაწილეობას. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პრეზიდენტს დავსხდეთ ერთად ღია ეთერში და საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმაზე ერთად ვესაუბროთ. ასეთ შემთხვევაში ხალხს ნათელი წარმოდგენა შეექმნება რეფორმის შინაარსზე.ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
18 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონსტიტუციაზე დებატისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეთერი შესთავაზა.
გიორგი მარგველაშვილმა შემოთავაზებულ დებატებზე უარი თქვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ალტერნატიული ფორმატი შესთავაზა.