(რეზონანსი) განათლების მინისტრმა საგამოცდო ცენტრებში სიცხის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.მისი თქმით, გამოცდა თავისთავად სანერვიულო მოვლენაა და აბიტურიენტი ცუდად შესაძლოა გრილ ოთახშიც ისევე გახდეს,როგორც კონდიციონერის გარეშე აუდიტორიაში.
„სამწუხაროდ, გამოცდების დაწყების პერიოდს დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა. იმედი გვაქვს, რომ ყველა ცენტრში გვექნება კონდიციონერი. გამოცდები სტრესია და სადაც არის კონდიციონერი, სამწუხაროდ, გულის წასვლის შემთხვევები იქაც ფიქსირდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება იმ ფაქტებს, როცა არსებულ კონდიციონერს არ რთავენ, მინისტრის თქმით, ეს ცალკეული შემთხვევებია და ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება.
„ სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ის პირიქით, ხელს უშლის რომელიმე აბიტურიენტს. ეს ის თემაა, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ" , - ამბობს განათლების მინისტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწო. ამავე პერიოდში, საქართველოში მაღალი ტემპერატურაა.მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააფრთხილა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუშინ სეზონზე ყველაზე ცხელი ამინდი იყო.მაქსიმალურმა ტემპერატურამ კი 42 გრადუსს მიაღწია.
გუშინ გახდა ცნობილი,რომ გორის მე-3 საჯარო სკოლაში მოთავსებულ საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები დამონტაჟებული არ არის. აბიტურიენტი სანდრო მარანელი ამბობს, რომ გამოცდებთან ერთად, სიცხესაც უნდა გაუმკლავდეს.
„ერთი თვის წინ დავამთავრე ეს სკოლა და ვიცი, რომ კონდიცირების სისტემა არაა. წარმომიდგენია რა ხდება ამ დროს შიგნით. თუ სიცხემ არ „მოგვცელა", ძალიან ამბიციური ვარ და წარმატებით ჩავაბარებ" , - აცხადებს სანდრო მარანელი.