თინათინ გოგიშვილი
06.07.2017

 აფხაზეთის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა, ჩვენ კი კვლავაც ვეძებთ აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარების გზებს. "ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა არ განმეორდეს," - აფხაზი პოლიტიკოსი ლორიკ მარშანია, ვინც აფხაზეთის მომავალს მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობაში ხედავდა, ამ სიტყვებს სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად იმეორებდა.

თუ როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივა, ამის გასარკვევად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიას გავესაუბეთ.

- არიან თუ არა დღეს ისეთი აფხაზები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობის მომხრენი არიან?

- ბევრნი იყვნენ და ახლაც არიან. ყველას ვერ დაგისახელებთ, რადგან ისინი აფხაზეთში ცხოვრობენ და მათი სახელების ღიად თქმა მიზანშეწონილი არ იქნება. რაულ ეშბას გავიხსენებ, შესანიშნავ აფხაზსა და ძალიან ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის წევრი იყო. პროფესორი არგუნი, ისტორიკოსი, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი. ის ღიად გამოდიოდა საქართელოსთან კავშირის, ურთიერთობისა და მეგობრობის მხარდამჭერად და იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც სეპარატისტები ახორციელებდნენ. ასეთი ადამიანები აფხაზეთში ვერ გაიხარებდნენ, აქტიურად ვერ ჩაერთვებოდნენ "პროქართულ" მოძრაობაში, რადგან იყო სიცოცხლისთვის საშიში რისკი.

- რატომ არ იზრუნა ქართულმა მხარემ ამ ადამიანების მხარდაჭერის საქართველოსთვის ხელსაყრელად გამოსაყენებლად?

- იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების მორევში იყო ჩაფლული და ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა, საქართველოში არავის ეცალა პოლიტიკისთვის და საქართველოს ყველა კუთხეში, უპირატესად კი - თბილისში, მხოლოდ ძალადობას მიმართავდნენ. ამ მოძალადეებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა პრობლემა ძალის მეშვეობით უნდა მოეგვარებინათ. პროქართულად განწყობილ აფხაზებს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცეოდათ. საქართველოს ხელისუფლებას რომ მათი მხარდაჭერის გონივრულად გამოყენება მოენდომებინა, ამის გაკეთება მარტივად შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ლორიკ მარშანია იხსენებდა, რომ იყო დრო, მისი კანდიდატურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე არძინბას ადგილას განიხილებოდა, მაგრამ ქართველებმა არჩევნების დროს მას მხარი არ დაუჭირეს. რატომ მოხდა ასე?

- აქ იმხელა ძალები იყვნენ ჩართული, მიჭირს დაგიდასტუროთ, რომ მას ქართული მხარე უშლიდა ხელს ამ არჩევნების მოგებაში. იქ მობილიზებული იყო სეპარატისტების მხრიდან უზარმაზარი ძალა იმისათვის, რომ ლორიკი არ ყოფილიყო არჩეული. საარჩევნო კომისია მთლიანად აფხაზების ხელში იყო, ისინი საარჩევნო კომისიის ქართველი წევრების გარეშეც იღებდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

- გარდა არჩევნების გაყალბებისა, იყო საუბარი არჩევნების ჩატარების დისკრიმინაციულ კვოტებზეც. რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას?

- 1991 წლის ზაფხულში ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი შემუშავდა, ცვლილებები შევიდა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში განაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ (მოსახლეობის 17%), 26 მანდატი - ქართველებს (მოსახლეობის 45%), სხვა ეროვნებებს - 11(მოსახლეობის 33%).

კვოტირების ეს სისტემა აფხაზებს აწყობდათ, მაგრამ ის არანაკლებ ხელსაყრელი იყო ჩვენთვისაც. მანდატები ისეთნაირად განაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ რეფერენდუმის ჩატარება, მთავრობის წევრების დანიშვნა, ვინაიდან ყოველივე ამას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ასევე, უმაღლესი თანამდებობები.

კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უნდა არჩეულიყო აფხაზი, მის პირველ მოადგილედ - ქართველი. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ აფხაზი ინიშნებოდა, მის პირველ მოადგილედ - ქართველი.

გარდა ამისა, განხორციელდა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. უკვე 1991 წლის ნოემბრიდან, როდესაც მუშაობას შეუდგა ახალი უმაღლესი საბჭო ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადაერქვა სახელი და დაერქვა საქართველოს რესპუბლიკა. აფხაზეთის კონსტიტუციაში კი ეწერა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი. აფხაზებმა მოსკოვის კარნახით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამ კვოტირების სანაცვლოდ აფხაზებმა საკუთარი ხელით ჩაწერეს თავიანთ კონსტიტუციაში, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებლობაგამოცხადებული საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

ვფიქრობ, მარტო ამის სანაცვლოდ ღირდა ნებისმიერი ცვლილების შეტანა აფხაზთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მიჭირს დათანხმება იმაზე, რომ ეს იყო ძალიან წამგებიანი, უკანონო გადაწყვეტილება.

- როგორ ფიქრობთ, არ იყო ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული ქართველებისთვის?

- ერთი შეხედვით, რა თქმა უდნა, აქ არის დისკრიმინაციის მომენტი ქართული მხარისთვის, თუმცა ამას სამართალში პოზიტიური დისკრიმინაცია ჰქვია - შენ მიდიხარ წინასწარ დათმობაზე, რათა უფრო მნიშვნელოვანი რამ მოიგო. რაც მთავარია, ეს ქართველების ნების წინააღმდეგ არ მომხდარა და კვოტირების განახლებული სისტემა გვაძლევდა აფხაზეთის შენარჩუნების სამართლებრივ ბერკეტებს.

- რამდენად მარტივად შეძლეს აფხაზებმა და ქართველებმა ამ საკითხზე მოლაპარაკება?

- მაშინ მოსკოვს ჩვენთვის არ ეცალა, რუსეთის ხელისუფლება ელცინის ხელმძღვანელობით დაპირისპირებული იყო გორბაჩოვთან და ამ ვითარებაში იმპერიულ ცენტრს არ ჰქონდა საშუალება, ჩარეულიყო საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ეს კარგად გამოვიყენეთ და აფხაზებთან საერთო ენა გამოვნახეთ, მოვნახეთ ის ფორმა, რომლითაც სავსებით შესაძლებელი იყო აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა და ეს მაშინ, როდესაც სეპარატიზმი იყო უმაღლეს დონეზე აღზევებული.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, დღეს შევძლებდით აფხაზებთან საერთო ენის გამონახვას?

- ჩვენ მათთან რუსების გარეშე ურთიერთობის მოგვარების სერიოზული გამოცდილება გვაქვს. ამის მაგალითია თუნდაც კვოტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები. დარწმუნებული ვარ, რუსეთი რომ არა, ჩვენ აფხაზებთან ყოველთვის შევძლებთ მოლაპარაკებას.

თინათინ გოგიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) სტუდენტია. ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა იბსუ-ის სტუდენტურ გაზეთ "კონფლიქტის ზონაში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×