თიკო ოსმანოვა
06.07.2017

საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იგი მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს.

"გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას, ამომრჩევლებს რამდენიმე დღეში გავაცნობ - რა გადავწყვიტე, როგორ გადავწყვიტე, რას ვაპირებ," - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, მერად კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ამ კვირაში გააკეთოს.

"არავისთან ერთად არ ვაპირებ გამოსვლას. ჩემი მხარდამჭერი, ჩემი აზრით, იქნება ხალხი. საკრებულოში მე მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ვიყავი დამოკიდებული ხალხზე და ასე ვაპირებ, რომ დავრჩე," - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტი ადგილობრივ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატი იქნება.

შეძლებს თუ არა ელისაშვილი სახელისუფლებო ძალის დამარცხებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი):  ვფიქრობ, ელისაშვილს გაუჭირდება მმართველი პარტიის ძალის დამარცხება. ამის ერთ-ერთი მიზეზია ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე ელისაშვილს არ აქვს შესაბამისი რეიტინგი, მიუხედავად მისი პოპულისტური ნაბიჯებისა.

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ვერ შეძლებს. ვიცი მისი აზრები. ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ რეალობა სხვაა. რეალურად დღეს კახი კალაძის დამარცხებას ვერავინ ვერ შეძლებს.

ვუახლოვდებით 2018 წელს, როდესაც თევზებისთვის ერთ-ერთი ვარსკვლავური დრო იწყება. ამიტომ შესაძლებლობა, რომ ტყუპებმა მიაღწიონ წარმატებას, ნაკლებ სავარაუდოა.

ასევე ყურადღება მისაქცევია, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. ყოველ არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიდის და არის საფრთხე, მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ეს ამ მთვარობისთვის ძალიან დიდი ხიფათია. ნიჰილიზმი, რწმენის დაკარგვა სწორედ ამის პირველი მაჩვენებელია. ამიტომ კალაძეს მოუწევს დიდი შრომა იმისთვის, რომ როგორმე გააქარწყლოს ეს ნიჰილიზმი და რწმენის შემცირება მთვარობისადმი.

 გია ბურჯანაძე მსახიობი): დამოუკიდებლად ალეკო ელისაშვილი კი არა, ვერც ერთი ვერ შეძლებს მმართველი ძალის დამარცხებას. ჯერ ერთი, ელისაშვილს არ აქვს არანაირი რეიტინგი, მეორე - ხალხს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და მივიდეს არჩევნებზე. ხალხი კი ჩემი აზრით, არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. ვინც მივა, იქნება ან გაყიდული, ან დაინტერესებული.

 

 

 

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ისეთი საარჩევნო სისტემა აქვს შექმნილი "ქართულ ოცნებას", რომ დღეს გამორიცხულია, სახელისუფლებო ძალის გარდა არჩევნები რომელიმე ოპოზიციის კანდიდატმა მოიგოს.

როგორი შესაძლებლობებისა და ტალანტის მქონეც არ უნდა იყოს, ადმინიტრაციული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხელისუფლება შეძლებს ყველა კანდიდატის დამარცხებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×