(რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლოში პანორამა თბილისის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კერძო საჩივარი შეიტანა. საია საქალაქო სასამართლოს მიერ, 22 ივნისს მიღებული განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც საქმის განხილვა შეწყდა.
ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო საკითხის არსში სრულად ვერ გაერკვა.
„საქალაქო სასამართლო გაშვებული ვადის აღდგენის არასაპატიო მიზეზზე მსჯელობს და ამ მოტივით უარს გვეუბნება საქმის განხილვაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ სარჩელის ვადა ვერ იქნებოდა გაშვებული, რადგანაც გასაჩივრების უფლება წარმოგვეშვა მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიღეთ სრული დოკუმენტაცია. მათ შორის, ის კონკრეტული რუკა, რომელიც ადასტურებს, რომ პანორამა თბილისის 2 პროექტი - "სოლოლაკის მაღლობი" და " სოლოლაკის ბაღები" ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში შენდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით და საქმე ხელახლა დაუბრუნდეს განსახილველად საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენ სხდომაზე შევძლებთ ჩვენი პოზიციების დაფიქსირებას," -განაცხადა სალაძემ.
ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმის წაროება, საქალაქო სასამართლომ 22 ივნისს შეწყვიტა. საია "პანორამა თბილისის" მშენებლობის გაუქმებას ითხოვდა.