(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბევრი, მათ შორის მეც, ყოველთვის თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობა დაუშვებელი იყო. სამწუხაროდ, „ურემი უკვე გადაბრუნებულია", მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ხიფათების ქრესტომათიული მაგალითი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითი შექმნათ ამავე მიმართულებით - ქვეყანას თავიდან ააცილოთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და თან საკუთარი პარტიაც იხსნათ უკვე დაშვებული შეცდომების შემდგომი მძევლობისაგან. თუ მოხერხდება საკითხის გააზრება უფრო ფართო პოლიტიკურ პრიზმაში, ვიდრე ეს მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანაა, მაშინ გამოსავალიც მარტივად გამოჩნდება და მისი დასაბუთებაც.
კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების" პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა" დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების" 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.
ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არ შესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას.
ბატონო პრემიერო, წინ ორი გზაა - თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება,"- წერს დავით უსუფაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.