(რეზონანსი) "როიტერის" ცნობით, ნიგერის არმიის სამხედროებმა შეცდომით 14 მშვიდობიანი მოქალაქე ჩაცხრილეს, რომლებიც ისლამურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" მებრძოლებში აერიათ.
სააგენტოს ცნობით, სამხედროები ტბა ჩადის სიახლოვეს, სოფელ აბადამთან მდებარე დახურულ სამხედრო ბაზაზე პატრულირებდნენ. მათ ცეცხლი ფერმერებს გაუხსნეს:
„ 14 ადამიანი მკვდარია. აბადამი მდებარეობს საომარი მოქმედებების ზონასთან, სადაც შესვლა აკრძალულია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ზონას მიუახლოვდება, „ბოკო ჰარამის" მებრძოლად აღიქმება,"- ამბობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან. 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთაფრიკული პროვინცია" ჰქვია.