ნინი ღაჟონია
07.07.2017

 2006 წლიდან დღემდე დიმიტრი სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ჩვენთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმებზე, ქართულ-ოსურ პროექტებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, კონფლიქტის შესაძლო მოგვარებაზე და სხვა პრობლემებსა თუ პერსპექტივაზე ისაუბრა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მომავალი?

- ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთის მომავლის გასაღები თბილისშია. მსოფლიო საზოგადოება არ გაიზიარებს რუსეთის მიერ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამიტომ ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად სამხრეთ ოსეთი დარჩება საქართველოს ტერიტორიად და მე ოსეთის პერსპექტივებს სწორედ საქართველოს ფარგლებში.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. აქ ერთად ცხოვრობენ ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები, რაც მსოფლიოსთვის ნამდვილად კარგი მაგალითია. იცით, რას ვფიქრობ, თუკი ერთად ვიქნებით, ყველამ, ოსმაც და ქართველმაც, უნდა გაიაზროს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და ამ სამშობლოში კონსტიტუცია ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. აი, მაგალითად, ოსმაც უნდა შეძლოს, გახდეს პრეზიდენტი ან თანამდებობის პირი. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- რა ერთობლივი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიის ფარგლებში?

- სახალხო დიპლომატია ნამდვილად კარგად მუშაობს. თქვენ კარგად იცით, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაზე გაავლეს ხაზი და იქ დგანან რუსი ჯარისკაცები. ჩვენთვის აკრძალულია მათთან ურთიერთობა და ასეთ დროს სახალხო დიპლომატია გაცილებით ეფექტურია. პროექტებს რაც შეეხება, კარგად მუშაობს ჯანდაცვის პროგრამა, ჩვენ სხვა სოციალური პროექტების განხორციელებაც შეგვიძლია. ვგეგმავთ კიდეც და მთავრობა მზადაა, განიხილოს ყველა პროექტი თუ იდეა - ეს შეეხება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების სფეროს. თუმცა ჯერ არის პოლიტიკური საკითხები და იმედია, ყველაფერი მოგვარდება.

- რა ეკონომიკური კავშირი შეიძლება დამყარდეს ქართველ და ოს ხალხს შორის დღევანდელი პირობების გათვალისწინებით?

- დღევანდელი პირობების გათვალისწინებით ეკონომიკური კავშირი ვერ დამყარდება, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიტანოთ რაიმე პროდუქტი ან იქედან შემოვიდეს რუსეთის ტვირთი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ ამჟამინდელ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის მოგვარების პოტენციალი?

- რა თქმა უნდა, პოტენციალი გვაქვს. ურთიერთობის მოგვარებისთვის მორალურად ვართ მზად და ბოდიშის მოხდისთვისაც. ისინი ჯერჯერობით ამ აზრზე არ არიან, რადგან მაინც რუსეთის გავლენას განიცდიან. რუსებს არ უნდათ საქართველოს ხელიდან გაშვება და, შესაბამისად, მუდმივი კონფლიქტიც სურთ. მათ უნდათ, მხოლოდ თვითონ გადაწყვიტონ კონფლიქტი და არა საერთაშორისო საზოგადოებამ. ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივა ნამდვილად არის და იქნება, უბრალოდ, დროა საჭირო და ხალხი თვითონ მიხვდება, რომ ისინი სულაც არ არიან თავისუფლები.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ამჟამად გვაქვს კავშირი ოსებთან, რომლებიც გადმოდიან საქართველოში და ჩვენ მათ ვეხმარებით იურიდიულ საკითხებში, ჯანდაცვის სფეროში. ვეხმარებით ჩვენს დევნილებს. სახელმწიფოსგან წამოსული ფული სწორედ მათზე ნაწილდება. ძალიან მინდა, ყველა მიხვდეს, რომ ერთიან საქართველოში ცხოვრება გაცილებით უკეთესია.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ დევნილების ცხოვრება, გავაცნოთ მათი პრობლემები სახელმწიფოს, რომელმაც უნდა განიხილოს გადაჭრის გზები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც არსებობს და მათაც ვეხმარებით. ვაგზავნით ექიმებს, გვინდა, რომ წყალი შევიყვანოთ, რათა დევნილებმა ზაფხულში მიწის მორწყვა შეძლონ. სოფლებში შეშით თბებოდნენ და ყველასთვის უფასოდ შევიყვანეთ გაზი. ვიმედოვნებ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება, უბრალოდ, როგორც ვთქვი, დროა საჭირო.

 

ნინო ღაჟონია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) სტუდენტი. ეს ინტერვიუ პირველად იბსუ-ს სტუდენტურ გაზეთ "კონფლიქტის ზონაში" გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×